თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში სამთავრობო ქალაქის აშენების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.
2017 წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ორთაჭალაში აშენდებოდა სამთავრობო ქალაქი, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდებოდა.
თურნავას თქმით, ამჟამად ბიუჯეტს სხვა პრიორიტეტები გააჩნია.
„დღეის მოცემულობით სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გვირჩევნია, ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ პენსიებისკენ, ხელფასებისკენ, სოციალური პროგრამებისკენ, გზების მშენებლობაში და ნაკლები დავხარჯოთ სამთავრობო შენობების აშენებაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს თურნავამ.
ამასთან თურნავამ აღნიშნა, რომ სამთავრობო ქალაქები ბევრ ქვეყანაში შენდება, „რათა სტრუქტურები ერთად დასხდნენ“, მაგრამ საქართველოში „ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება“.
ადრე კვირიკაშვილმა სახელწოდებით „ბიზნეს სახლი“ დააანონსა ერთიანი მომსახურების ოფისის შექმნა. სწორედ მის გვერდით უნდა აშენებულიყო სამთავრობო ქალაქი.
თურნავა: ლარის მცირედით გაძვირებამ, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ეკონომიკურ ზრდაზე >>
საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში შედის 11 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი. პრაქტიკულად ყველა სამთავრობო უწყება თბილისის ცენტრში მდებარეობს.