თურნავა: ლარის მცირედით გაძვირებამ, შესაძლოა, ნეგატიურად იმოქმედოს ეკონომიკურ ზრდაზე 

გამოწერა
მთავრობას  ეკონომიკური ზრდის დაჩქარების მიმართულებით რიგი ღონისძიებები აქვს დაგეგმილი

 

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik.  ლარში სასესხო რესურსების გაძვირება ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, თუმცა, ამის დაბალანსება რამდენიმე გზით შეიძლება, განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ბანკომატი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს

ეროვნულმა ბანკმა 23 ოქტომბერს რეფინანსირების განაკვეთი  1 პროცენტული პუნქტით 8,5%–მდე გაზარდა.

თურნავას სიტყვებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ქმედებები ორიენტირებულია ინფლაციის პრევენციაზე. აღნიშნული პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, რათა სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირების თავიდან აცილების მიზნით პროფილაქტიკური ღონისძიებები გატარდეს.

 „რა თქმა უნდა, შეიძლება ლარის რესურსის ცოტაოდენმა გაძვირებამ გარკვეული ნეგატიური ზემოქმედება იქონიოს ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ მერწმუნეთ, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლითაც შეიძლება ვეცადოთ და დავაბალანსოთ ეს“, – განაცხადა თურნავამ.

ღონისძიებებს შორის მან დაასახელა  სახელმწიფო ქონების, უმოქმედო აქტივების უფრო სწრაფი ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში, მიწის რეგისტრაცია  და სხვა.

 „აქედან გამომდინარე, გვაქვს მთელი კომპლექსი ღონისძიებების, რომელსაც ვახორციელებთ, რათა ეკონომიკური ზრდა დაჩქარდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის სიტყვებით, მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს იმაზე, რომ განხორციელდეს ინფლაციის პრევენცია და  შენარჩუნდეს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკის ზრდას შეაფერხებს

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი  პირველად 4 სექტემბერს (6,5%-დან 7%-მდე) გაზარდა, მეორედ კი 25 სექტემბერს (7,5%-მდე).  27 სექტემბერს კი, როდესაც ლარმა ახალი ანტირეკორდი (2,9808 GEL/$1) მოხსნა, ეროვნულმა ბანკმა საკუთარი რეზერვებიდან 40 მლნ დოლარი გაყიდა.  მთავრობამ მხარი დაუჭირა ეროვნული ვალუტის გამყარების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს, თუმცა, ამ შემთხვევაში შედეგი მოკლევადიანი იყო.

რეფინანსირების განაკვეთი – პროცენტის ოდენობაა წლიური გაანგარიშებით, რომელსაც საკრედიტო ორგანიზაციები ეროვნულ ბანკს მათთვის გამოყოფილი კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტია და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად არის მიჩნეული.

ყველა ახალი ამბავი
0