თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მოსწავლეებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ბიოლოგიის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
წელს ოლიმპიადა უნგრეთის ქალაქ სეგედში გაიმართა და მასში 72 ქვეყნის 285 მოსწავლე მონაწილეობდა.
ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ - ანა თოიძე (მეექვსე საავტორო სკოლა), ანანო ნებიერიძე და ნიკოლოზ სოხაძე (ვეკუას სკოლა).
საქართველო ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობას 2011 წლიდან იღებს.
ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადაში 15 წელს ზევით მოსწავლეები მონაწილეობენ. ის ყოველ წელს, 1990 წლიდან მოყოლებული, ივლისში იმართება. ყოველ მონაწილე ქვეყანას ოლიმპიადაზე შეუძლია გააგზავნოს ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფი (ბიოლოგიის ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულები) და სამი ხელმძღვანელი.
ყველაზე ძლიერ მათემატიკოსებს შორის თბილისელი მოსწავლეც დასახელდა >>
ოლიმპიადის მონაწილეებმა უნდა აჩვენონ საკუთარი ცოდნა თეორიულ და პრაქტიკულ ცდებზე ბიოლოგიის ძირითად საკითხებში: უჯრედული ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია, მცენარეთა ანატომია და ფიზიოლოგია, ცხოველისა და ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ეთოლოგია, გენეტიკა და ევოლუცია, ეკოლოგია, ბიოსისტემატიკა.