მშენებლობაზე მოზარდის დაღუპვა - საქართველოს ომბუდსმენი განგაშს ტეხს

© Sputnik / Alexander Imedashviliამწე მშენებლობაზე
ამწე მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს ზომების იმისათვის, რომ არასრულწლოვნები მძიმე შრომაში არ იყონ ჩართული

თბილისი, 17 ივლისი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაზე არასრულწლოვანი მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა >>

არასრულწლოვანი მრავალსართულიანი მშენებარე სახლის ლიფტის შახტში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტზე არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც სამუშაო პროცესი შეჩერებული იყო.

„სამწუხაროდ, ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება. არსებული შემაშფოთებელი ვითარების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს, ერთი მხრივ, შრომის ინსპექტორების სამუშაო ადგილებზე დაშვებისთვის გათვალისწინებული შეზღუდვები, რომლებიც მხოლოდ 2019 წლის სექტემბრიდან მოიხსნება, ხოლო, მეორე მხრივ - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელთ არსებული არასაკმარისი ადამიანური თუ მატერიალური რესურსები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
ისანში სამშენებლო ობიექტზე დაღუპული ახალგაზრდა შესაძლოა არასრულწლოვანი იყო

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში იკვეთება ობიექტზე არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმების შეუსრულებლობა, არამედ - დარღვეულია საქართველოს შრომის კოდექსით პირდაპირ გათვალისწინებული აკრძალვაც, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვანთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

„სისტემური ხასიათის პრობლემად რჩება, შემთხვევები, როდესაც ბავშვებს უკიდურესი სიღარიბის, ოჯახში უგულებელყოფისა და არასათანადო სოციალური პირობების გამო თავიანთ ასაკთან და ფსიქო-ფიზიკურ განვითარებასთან შეუსაბამო სამუშაოს შესრულება უხდებათ. აღნიშნული ტენდენცია არის ყოვლად შემაშფოთებელი და პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან მომეტებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივი ზომების მიღებას საჭიროებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამშენებლო კომპანიები თბილისში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ >>

სახალხო დამცველი დოლაბაურის ქუჩაზე მომხდარის დროულ და ეფექტურ შესწავლას და გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაცნობას მოითხოვს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აღმოსაფხვრელად და მათ მიერ მავნე სამუშაოს შესრულების პრევენციისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0