სამშენებლო კომპანიები თბილისში 34 მილიონი ლარით დაჯარიმდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliმშენებლობაზე
მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მერიაში მშენებლობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საკითხზე იმსჯელეს

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. სამშენებლო ნორმების დარღვევისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა წელიწადში 34 მილიონ ლარს მიაღწია, განუცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს.

საკრებულოში მერის, კახა კალაძისა და დეველოპერების შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც შრომის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

ხმალაძის თქმით, მერიას აინტერესებს, თუ რატომ არ იცავენ სამშენებლო ნორმებს და რა უშლის მათ ამაში ხელს.

„ჩვენ წელიწადზე მეტია ცვლილებებს ვახორციელებთ კანონმდებლობაში და თითოეული ეს ცვლილება მიმართულია იმისკენ, რომ მეტი უსაფრთხოება იყოს სამშენებლო მოედნებზე. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ ზეწოლას იწვევს ბიზნესსექტორზე... მაგრამ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს, რომ ადამიანი არ უნდა სახიჩრდებოდეს და არ უნდა იღუპებოდეს სამშენებლო მოედნებზე", - განაცხადა ხმალაძემ.

საქართველოში 2018 წელს სამუშაო ადგილებზე 39 ადამიანი დაიღუპა, მძიმედ დაშავდა 37 - ასეთია გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემები.

სამშენებლო ობიექტი - Sputnik საქართველო
ათობით დაღუპული მუშა: მშენებარე ობიექტებს რეიდების ტალღა გადაუვლის

სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების წესების ბოლო დარღვევა აპრილის შუა რიცხვებში დაფიქსირდა. სასტუმრო Autograph Collection-ის მშენებლობისას დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლიდან სამი მუშა ჩამოვარდა და სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

ერთ-ერთი მუშის განცხადებით, დამცავ საშუალებებს ისინი ყოველდღიურად იყენებდნენ, მაგრამ სწორედ იმ დღეს ეს არ გააკეთეს, რადგან დიდ სიმაღლეზე არ უნდა ემუშავათ და საქმესაც მხოლოდ ერთი-ორი საათი სჭირდებოდა.

2018 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ", რომელიც ითვალისწინებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას, ასევე კონტროლის სისტემის შექმნას, რათა სამუშაო ადგილზე ყოველი ადამიანის უსაფრთხოება დაცული იყოს. კანონი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმებსაც აწესებს.

თბილისის მერი მშენებლებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს>>

ამ სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის თებერვალში ამ კანონს უფრო მაღალი სტატუსი - ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

ორთაჭალაში მშენებლობა შეჩერდა - დაღუპულია ორი მუშა>>

გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები, რომლის თანახმად 1 სექტემბრიდან შრომის ინსპექციის მანდატი გაიზრდება. ინსპექტორებს დღისა და ღამის ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ექნებათ უფლება, შეამოწმონ ქვეყნის აბსოლუტურად ყველა კომპანია. აქამდე შრომის ინსპექციის მანდატი შეზღუდული იყო: კანონი მოქმედებდა მხოლოდ იმ საწარმოებზე, სადაც მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოები სრულდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0