თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერით 7 ივლისს გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებას არაფერი აქვს საერთო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან, ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისის განცხადებაში.
კომუნიკაციის ეროვნული კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი ფორმით და შინაარსით აზრის გამოხატვა არაეთიკური და უხამსია და სიძულვილის ენის შემცველი, ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობის მაპროვოცირებელი განცხადებები სერიოზული საფრთხის შემცველია ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის.
„ჟურნალისტის მიერ შეურაცხმყოფელი და პროვოკაციული განცხადებების გაკეთება ცდება საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულ პროფესიულ ჩარჩოებს, რაც ზიანს აყენებს მთლიანად ქართულ მედიას და ახდენს ჩვენი ჟურნალისტების დისკრედიტაციას“, – აცხადებენ უწყებაში.
კომუნიკაციის ეროვნული კომისია ელოდება, რომ მასმედია, ჟურნალისტები და მთლიანად საზოგადოება, ვისაც სწორედ ეთიკური, პროფესიული და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა მიაჩნია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტად, აქტიურად დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ადეკვატურ შეფასებას მისცემენ „რუსთავი 2“-ის ეთერში მომხდარ ფაქტს.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, თავის მხრივ, მკვეთრი ფორმით გამოხატეს რეაქცია „რუსთავი 2“-ის ეთერთან დაკავშირებით. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გაბუნიას გამონათქვამები ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად და დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასა.