04:30 24 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2965
  • 100 RUB4.6397
  • USD2.9661
საავადმყოფო

20 ივნისის აქციის დაშლა – რამდენი ადამიანი რჩება საავადმყოფოებში

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)
6210

აქციის დაშლისას დაზარალებულები გერმანიაში, თურქეთსა და ისრაელში მკურნალობენ.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. თბილისის ცენტრში მომხდარი არეულობის დროს დაშავებულებიდან ექვსი ადამიანი თითქმის ორი კვირაა სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

სამი მათგანი უცხოეთში – გერმანიაში, თურქეთსა და ისრაელში იმყოფება. დანარჩენი სამი კი საქართველოში მკურნალობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებიან. ექიმების სიტყვებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და სულ მალე პალატებში გადაიყვანენ.

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომპარტიის წევრი სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია.

21 ივნისს საავადმყოფოებში 102 ადამიანი მოხვდა. აქციის დარბევის დროს არავინ დაღუპულა, მაგრამ ორმა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შემდეგ თვალი დაკარგა.

მას შემდეგ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. თავად გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საპასუხოდ პოლიციის ქმედება ლეგიტიმური იყო. ძალის გადამეტების შემთხვევებზე კი გამოძიება დაიწყო.

საპროტესტო აქციის ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც "პროტოკოლური შეცდომა" საკუთარ თავზე აიღო – ხელისუფლებამ ასე ახსნა პარლამენტის სპიკერის სავარძელში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელმაც ადრე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთა. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

შესრულდა სხვა მოთხოვნებიც – თითქმის ყველა (300-ზე მეტი ადამიანი) დაკავებული გათავისუფლდა, დაიწყო პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ.

აქციები რუსულ-ქართული ურთიერთობების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე ანტირუსული ლოზუნგებისა და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების ფონზე მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების განხორციელება აკრძალა, რუსმა ტუროპერატორებმა კი საქართველოში მოგზაურობის შესახებ განაცხადების მიღება შეწყვიტეს. ბოლო დრომდე ტურისტების რაოდენობით რუსეთი საქართველოში ლიდერობდა.

 

თემები:
ცხელი პოლიტიკური ზაფხული: ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში (369)

მთავარი თემები