სააპელაციო სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

© photo: Sputnikნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სააპელაციო სასამართლოს დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლემ პარლამენტის დეპუტატის, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ ძალაში დატოვა.

ნიკა მელია სასამართლოს შენობასთან თავის მხარდამჭერებს მიმართავს - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მან არც დაცვისა და არც ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, მოსამართლემ პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული დამატებითი შეზღუდვები მისმა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გაასაჩივრა. მან სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიას მიერ სამართალდამცველი ორგანოს თანხმობის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვისა და სამომავლოდ შესაძლო მოწმის სტატუსის მქონე პირებთან კომუნიკაციის აკრძალვის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.

სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალდებამაც. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პროკურორი თავის შუამდგომლობაში განმარტავდა, ნიკა მელიას მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ბრალდებულს დაეკისრა დამატებითი ვალდებულებებიც, კერძოდ, ნიკანორ მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია; მასვე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოსთვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.

საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, დეპუტატის ბრალეულობას ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები ამტკიცებს.

საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი – ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0