შეუჩერდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება

გამოწერა
საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 25 ივნისს წაუყენა ბრალი, ხოლო 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის, მოსამართლის განჩინების გაცნობის შემდეგ, შესაძლოა, დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე იმსჯელონ.

გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას>>>

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში მოსაზრებები განსხვავებულია.

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას, ამიტომ აუცილებელია მისთვის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელონ.

27 ივნისს გამართულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას გარკვეული ვალდებულებები და შეზღუდვები დაუწესდა. 

პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა მელიას საქმეზე  სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

მელიას ეკრძალება საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გარდა ამისა, სასამართლომ ნიკა მელია დაავალდებულა საგამოძიებო ორგანოებს ჩააბაროს პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.

რაც შეეხება ნიკა მელიას, იგი არ აპირებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება შეიზღუდოს.

„დღეს კიდევ უფრო დაბნეული და ჩაფიქრებული არიან და პოლიტიკური დოინჯის პოზა აქვთ, ასე დგანან და არ იციან რა გააკეთონ. მთავარია, მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო. მივალ პარლამენტში, გამოვალ სიტყვით და დამაპატიმრებენ? ცივილიზებულ სამყაროს რას ეტყვიან?“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოსამართლის განჩინებით მელიას სპეციალური ქცევის წესები დაუწესდა, რაც მას უზღუდავს საპარლამენტო საქმიანობის შესრულებას.

„მართალია, ის არ არის აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობაში, თუმცა ეს არის პატიმრობა არა ოფიციალური ტერმინით, არამედ სპეციალური ქცევის წესებით, ეს პრაქტიკულად უზღუდავს მას შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო საქმიანობა აწარმოოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა. მას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე  თავდასხმა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით. თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებით გირაოს პირობები შესრულებული იქნება.

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 25 ივნისს წაუყენა ბრალი, ხოლო 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნიკა მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0