თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას ადვოკატი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიას გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ხვალ გაასაჩივრებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას >>
27 ივნისს გამართულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მელიას გარკვეული ვალდებულებები და შეზღუდვები დაუწესდა.
მელიას ეკრძალება საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთება; მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. გარდა ამისა, სასამართლომ ნიკა მელია დაავალდებულა საგამოძიებო ორგანოებს ჩააბაროს პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები.
ადვოკატ გიორგი კონდახაშვილს მოსამართლის გადაწყვეტილება წერილობით უკვე ჩაბარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიას საცხოვრებელი სახლის ან აგარაკის დატოვებამდე ვალდებულება აქვს, რომ გადაადგილების ნებართვა პროკურორს სთხოვოს. ხოლო თუ პროკურორი მას უარს ეტყვის, მელია სახლიდან ვერ გავა. სწორედ ამ ნაწილის გასაჩივრებას გეგმავს ადვოკატი, რადგან ეს აკრძალვა კონსტიტუციასა და პარლამენტის რეგლამენტთან წინააღმდეგობაში მოდის.
გიორგი კონდახაშვილის განმარტებით, მელიას საქმე ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცენდენტოა და კანონში ხარვეზი გაიპარა. კონსტიტუციაში წერია, რომ მოქმედ დეპუტატს საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს, ასევე თავის მხრივ დეპუტატის ვალდებულებები გაწერილია პარლამენტის რეგლამენტში და თუ მელია პროკურორის უარის შემთხვევაში საპარლამენტო სხდომაზე ვერ მივა, ირღვევა კონსტიტუციაც და პარლამენტის რეგლამენტიც.
ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას საპარლამენტო ტრიბუნაზე გამოსვლა და განცხადების გაკეთება არ უნდა შეეზღუდოს, რადგან ამის უფლებაც კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული.
ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა არასწორი და სამართლებრივად მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, როდესაც თქვეს, რომ დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ ისინი უკვე მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაზეც იმსჯელებდნენ. კონდახაშვილის თქმით, ეს კანონით შეუძლებელია.
რაც შეეხება გირაოს - ამ ნაწილში მელიას ადვოკატი გასაჩივრებას არ აპირებს და 30 ათას ლარს ნიკა მელია 1 თვის ვადაში გადაიხდის. პირადობის მოწმობა, დიპლომატიური და საერთაშორისო პასპორტები ნიკა მელიამ პროკურატურას 27 ივნისს ჩააბარა.
ევროკავშირის ელჩი: კონსტიტუციას არავინ არ უნდა გასცდეს >>
საქართველოს პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი 26 ივნისს შეუჩერა, გენერალურმა პროკურატურამ კი 25 ივნისს მას ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. პროკურორის თქმით, დეპუტატის ბრალეულობას ვიდეოჩანაწერები და მოწმეთა ჩვენებები ამტკიცებს.
საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით პროკურატურამ მიმართა.
საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.