თბილისი, 1 მაისი - Sputnik. დაახლოებით ასი ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე თბილისში, მთავრობის შენობასთან, რათა შრომის დღეს მუშებს სოლიდარობა გამოუცხადონ, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
„მუშები 24 საათი მუშაობენ და იღუპებიან" – პროფკავშირები საპროტესტო აქციას გამართავენ >>
აქციის ორგანიზატორია საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ მოტანილი ბუშტები, პლაკატები და ჩაფხუტები წარწერებით „ვითხოვთ შრომის უსაფრთხოებას“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“, „ვითხოვთ სიცოცხლის უფლებას“, „არა მონობას“ და „მშრომელთა ხმა“. გზად კი ისინი ფაიერებს ანთებდნენ.
„უკვე 129-ე წელია, რაც 1 მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სამწუხაროდ, ევროპელი მშრომელებისგან განსხვავებით, რომლებიც დიჯიტალიზაციისა და ციფრული ეკონომიკის მავნე ზეგავლენას აპროტესტებენ, ქართველი მშრომელებისათვის აქტუალურია საკითხები, რომელიც 133 წლის წინ მუშებს ჩიკაგოში აღელვებდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველო აწყდება ისეთ პრობლემებს, რომელსაც XXI საუკუნეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„საქართველოში, როგორც 133 წლის წინ ჩიკაგოში, აქტუალურია ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების, რვასაათიანი სამუშაო დღის, სამუშაო ადგილზე ჰიგიენის, შრომის უსაფრთხოების მოთხოვნები“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ შრომის დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოქალაქეებზე არ აისახება.
პროფკავშირებმა მოამზადეს პეტიცია სახელწოდებით „სოციალური კონტრაქტი“ და მთავრობის კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ხელმოსაწერად გადასცეს. მანამდე პეტიციაზე ხელი მოაწერეს რიგითმა მოქალაქეებმა. პროფკავშირები ამ გზით ცდილობენ მთავრობა სოციალური პოლიტიკის გატარება აიძულონ.
მშრომელთა დღის ისტორია 133 წლის დაიწყო, ჩიკაგოს მოვლენების შემდეგ. ამერიკელმა მუშებმა 1886 წლის 1 მაისს რვასაათიანი სამუშაო დღის შემოღების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს. საპროტესტო აქცია პოლიციასთან სისხლიანი შეტაკებით დასრულდა.
სამუშაო არის, მაგრამ კვალიფიციური კადრები – არა >>
იმ ტრაგიკული მოვლენების უკვდავსაყოფად 1889 წელს II ინტერნაციონალის პარიზის კონგრესის ინიციატივით 1 მაისი მუშათა სოლიდარობის დღედ გამოცხადდა და ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში ის დემონსტრაციებით აღინიშნება.
მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე პირველად 1980 წელს აღნიშნეს ავსტრო-უნგრეთში, ბელგიაში, გერმანიაში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, აშშ-ში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, შვედეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში.