თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილ მსჯავრდებულთა 34 ბიზნეს-იდეას დააფინანსებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
პროექტი „ყოფილ პატიმართა ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა" ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციის, ეკონომიკური მხარდაჭერისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება.
საუკეთესო ბიზნეს-იდეის მქონე ყოფილი პატიმრები კონკურსის წესით შეარჩიეს. ბიზნესის სპეციფიკაზეა დამოკიდებული იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული თანხის ოდენობა. თანხის მინიმალური ოდენობაა ორი ათასი ლარი, მაქსიმალური კი ხუთი ათასი ლარი.
ყოფილი პატიმრები საკუთარი იდეის განხორციელებას შეძლებენ სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორისაა სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვ. საგრანტო კონკურსში „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბენეფიციარები მონაწილეობენ.
გამარჯვებულებთან შეხვედრა სამეგრელოს რეგიონში გაიმართა, სადაც ყველაზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა. „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ხელმძღვანელმა ლადო ჯავახიშვილმა და საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ „აფხაზეთის" წარმომადგენლებმა გამარჯვებულებთან შეხვედრა გამართეს და მათ ბიზნესის განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკა გადასცეს.
კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. რეგიონების მიხედვით გამარჯვებულები ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13 ყოფილი პატიმარი, თბილისი – 6, იმერეთი – 4, შიდა ქართლი – 2, კახეთი – 2, აჭარა – 2, მცხეთა-მთიანეთი – 2, ქვემო ქართლი – 1.
საკუთარი ბიზნესის წამოწყება ყოფილ პატიმრებს ეკონომიკურთან ერთად ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევაში ეხმარება და ასევე მინიმუმამდე ამცირებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით 2013 წლიდან პროექტს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. 2013-2018 წლებში უწყებამ 108 ყოფილი მსჯავრდებულის, მათ შორის 24 ქალის ბიზნეს-იდეა დააფინანსა.