01:47 15 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2778
  • 100 RUB4.6307
  • USD2.9701
სოცმუშაკების აქცია

სოცმუშაკები საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციას მართავენ

© photo: GASW / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამანის უფლებები საქართველოში (22)
83 0 0

გაფიცული სოციალური მუშაკების მოთხოვნების სია 22 პუნქტისგან შედგება.

თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საქართველოში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო – ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ იმისთვის, რათა მათზე დაკისრებული მოვალეობები ეფექტურად შეასრულონ.

მოთხოვნებს შორის არის თანამშრომლების შტატის გაზრდა, მათი უზრუნველყოფა ტრანსპორტით, სოციალური მომსახურების ცენტრების ადაპტაცია შშმ პირთათვის, ოთახების მოწყობა კონფიდენციალური და ინდივიდუალური გასაუბრებისთვის.

თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, თელავისა და სხვა ქალაქების ცენტრალურ ქუჩებში სოცმუშაკები გამოვიდნენ პლაკატებით: „დაუცველი დამცველები", „ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია", „დაიწყო ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის", „ზრუნვა შიშველი ხელებით" და ა.შ.

„ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა სისტემური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება განახორციელოს მხოლოდ ცენტრალურმა უწყებამ. ჩვენ სულ 22 მოთხოვნა გვაქვს. მათგან ყველაზე მთავარი არის სოციალური სამუშაოს შესრულებისთვის შესაბამისი უფლების მიღება. სოცმუშაკები ხშირად იმ სამუშაოებით არიან დაკავებული, რომლებიც მათ არ ევალებათ. ჩვენ დაახლოებით 30 მიმართულებით ვმუშაობთ, რაც ჩვენ ძალებს აღემატება", – განუცხადა „Sputnik–საქართველოს" სოციალურმა მუშაკმა კახეთიდან ნინო ელიოზიშვილმა.

საქართველოში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება>>>

გაფიცულები აცხადებენ, რომ გარკვეულმა პირებმა მათი კოლეგების ნაწილი დააშინეს, რის გამოც მათ აქციაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

„ჩვენ ბათუმში ვარდების ბაღში შევიკრიბეთ. აქ დაახლოებით 15 ადამიანი, რეგიონის ყველა სოცმუშაკი შეიკრიბა, მხოლოდ ორი გვაკლია, რომლებიც დააშინეს. აქამდე ისინიც ჩვენ გვერდით იყვნენ, პეტიციას მოაწერეს ხელი, მაგრამ გუშინ მათზე სერიოზული ზეწოლა განხორციელდა", – განუცხადა „Sputnik–საქართველოს" ბათუმის წარმომადგენელმა ინგა დავითაძემ.

სოცმუშაკების სიტყვებით, მათ არანორმირებული სამუშაო გრაფიკი აქვთ, ტრანსპორტით მგზავრობის ხარჯებსაც საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. გარდა ამისა, სოცმუშაკები ასრულებენ ფსიქოლოგებისა და იურისტების ფუნქციებს.

საქართველოს ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ სოცმუშაკების გაფიცვა სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე ბენეფიციარებზე არ აისახება. მინისტრის მოადგილის თამილა ბარკალაიას განცხადებით, უწყების წარმომადგენლებმა სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა უკვე გამართეს და მათი მოთხოვნების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, დანარჩენ საკითხებთან მიმართებით კი შემუშავდა სამოქმედო გეგმა.

„როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან", – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

სოცმუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარი მოთხოვნები 8 თებერვალს გააცნეს. მარტის პირველ რიცხვებში სამინისტროში განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე სოცმუშაკების რაოდენობა 244-დან 294-მდე გაიზრდება. გარდა ამისა, თბილისში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აბონემენტები გადაეცემათ, ხოლო რაიონებში მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფენ.

თბილისში სოციალური მუშაკის ხელფასი 666 ლარია, რეგიონებში კი – დაახლოებით 620 ლარი.

საქართველოში სოცმუშაკების ეფექტური საქმიანობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 4 წლის გოგონას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ. ინციდენტი თბილისში მოხდა. 22 იანვარს გარდაცვლილ ბავშვს, სავარაუდოდ, სახეზე ძალადობის ნიშნები ჰქონდა. სამართალდამცველებმა ბავშვის დედა ლეილა ქსოვრელი დააპატიმრეს. მიზეზი შემაკავებელი ორდერის დარღვევა გახდა – ქალს შვილთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული მას შემდეგ, რაც იგი 6 იანვარს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოხვდა.

ამ შემთხვევამდე დედას, რომელმაც თავად გადაწყვიტა ბავშვი მიმღებ ოჯახში მიებარებინა, პერიოდულად ის სახლში მიჰყავდა, ხოლო როდესაც აბრუნებდა, სოციალურ მუშაკებს ძალადობის რაიმე კვალი არ შეუნიშნავთ.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ გაათავისუფლა ოთხი სოცმუშაკი, რომლებიც ოჯახს კურირებდნენ. გარდა ამისა,

საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარი წერეთელმა.

 

თემები:
ადამანის უფლებები საქართველოში (22)

მთავარი თემები