თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ექსპერტებს, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას იკვლევენ, არასაკმარისი ინფორმაციის გამო მუშაობის ვადა გაუხანგრძლივეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
საიდან გაჩნდა სუნელებში ტყვია >>
კვლევა 24 დეკემბერს უნდა დასრულდეს, მაგრამ ექსპერტები მუშაობის პროცესში პრობლემებს გადააწყდნენ. მშობლები ხშირად უარს ამბობენ კვლევაში მათი შვილების მონაწილეობაზე და აცხადებენ, რომ ის უშედეგო იქნება. ამის გამო სპეციალისტებმა კვლევისთვის ანალიზების საჭირო რაოდენობა ვერ შეაგროვეს.
„კვლევა მნიშვნელოვანია. მის დაწყებამდე, შარშან ზაფხულში ინფორმაცია გააქტიურდა, რომ ტყვიის შემცველი წყაროების შესახებ ქვეყანაში პოტენციური საფრთხეები არსებობს, რაც განსაკუთრებით ბავშვებს საფრთხეს უქმნის... ჩვენ კვლევა დავიწყეთ, რომელიც აუცილებელია, რათა გავიგოთ, ეს მომატებული საფრთხე მართლა თუ არსებობს და რა წყაროებიდან მოდის“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, ანალიზების გაკეთებაზე უარი არ თქვან.
„ეს უსაფრთხოა. ანალიზებს იტალიაში სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ვაგზავნით. იმის მოლოდინი არ გვქონდა, რომ 100%-ით დამყოლობა იქნებოდა, მაგრამ 60% დამყოლობა ძალიან დაბალია. ამიტომ ჩვენ ამ კვლევას იქამდე გავაგრძელებთ, ვიდრე ვალიდურ რაოდენობას არ დავაგროვებთ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
პროგრამა 2-დან 7 წლამდე ბავშვებში ტარდება. კვლევა 20 სექტემბერს დაიწყო. ექსპერტებმა სისხლის ნიმუშები მხოლოდ 1300 ბავშვს აუღეს, მაშინ როდესაც საჭიროა მინიმუმ 1500 სინჯის აღება.
საქართველოში ტყვიის შემცველობა ჰაერში ნორმაზე ბევრად დაბალია >>
ბავშვების ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება. ტყვიას ისუნთქავენ, რადგან ის ჰაერშია უმცირესი ნაწილაკების სახით, რომელსაც გამოყოფს ავტომობილი გამონაბოლქვთან ერთად, ან ორთქლდება ტყვიის საფუძველზე დამზადებული საღებავიდან და ა. შ.
ტყვია თუ ადამიანის ორგანიზმშია, მისი პოვნა შესაძლებელია სისხლსა და შარდში. ის ასევე გროვდება ძვლებში, თმასა და კბილებში.