თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მომავალი წლის თებერვლიდან თბილისის მეტროპოლიტენი ოთხი ახალი შემადგენლობით შეივსება, რაც შესაძლებელს გახდის ლოდინის დროის შემცირებას, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
სანამ არ გამოიკვლევენ - არ ააშენებენ: ექსპერტი მეტროს ახალი ხაზის შესახებ>>>
2018 წლის სექტემბერში მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სრულყოფილად მოხდეს იმ მოქალაქეების მომსახურება, რომლებიც ტრანსპორტის ამ სახეობით ყოველდღიურად სარგებლობენ.
„თებერვალში კიდევ ოთხი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა გავზარდოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ქალაქის მერმა ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერიისთვის მეტროს სადგურების რემონტი პრიორიტეტად რჩება. მერის ინფორმაციით, სადგურ „სამგორის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დეკემბრის ბოლოს დასრულდება. 2019 წლის იანვრის ბოლომდე კი „ავლაბრის“ რეაბილიტაციაც დასრულდება.
„მომავალი წლიდან ეტაპობრივად დავიწყებთ მეტროს რვა სადგურზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შემდგომ წლებში კი მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის საკითხზე, სადაც მიმდინარე წლის იანვარში ჭერი ჩამოინგრა. ინციდენტის დროს 14 ადამიანი დაშავდა. ამ შემთხვევის შედეგად თბილისის მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასების გათვალისწინებით, საჭიროა დამატებით კვლევები და საპროექტო სამუშაოების ჩატარება.
„უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ პროექტი, რომლითაც სადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები განხორციელდა, არაფრად ვარგა და საპროექტო სამუშაოები თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, წლის ბოლოს სრული დოკუმენტაცია გვექნება და მომავალი წლიდან პროექტის განხორციელებას დავიწყებთ. ანალოგიური მდგომარეობაა სადგურ „გურამიშვილის“ პროექტთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში მეტროს ახალი მიწისზედა სადგურები გაიხსნება>>>
სადგურ „ვარკეთილში" სარემონტო სამუშაოები 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის აგვისტოში დასრულდა, მეტროს განახლებული სადგური კი ექსპლუატაციაში 2017 წლის სექტემბერში შევიდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე - ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზისა 40 კილომეტრია, ხოლო მეორე ხაზის – 17.
მიწისქვეშა მეტროს რეაბილიტაციასთან ერთად საქართველოს მთავრობა თბილისის მერიასთან ერთად მიწისზედა მეტროს განვითარების პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. მიწისზედა მეტროს ახალ ხაზზე სამგორიდან ლილოს ბაზრობამდე შვიდი ახალი სადგური განთავსდება.
მეტროს ახალი ხაზის მშენებლობა, რომლისთვისაც გამოყენებული იქნება შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა, გათვალისწინებულია პროექტში „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი".