კალაძე: ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერი კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მეტროს სადგურში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნება. ერთ-ერთ მათგანს კი ხერხემალი აქვს დაზიანებული.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. კომპანია, რომელმაც „ვარკეთილის" მეტროში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, უმკაცრესად დაისჯება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შემთხვევის ადგილის მონახულების შემდეგ, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტროს სადგურ „ვარკეთილში" დღეს, დილით ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კალაძის განცხადებით, სამუშაოები სადგურ „ვარკეთილში" აგვისტოს ბოლოს დასრულდა და ექსპულატაციაში სექტემბერში მიიღეს.

„უმკაცრესად დაისჯება ყველა დამნაშავე და ამ ფაქტს მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო „ახმეტელზეც" და დღესვე დაიწყება გადამოწმება, თუ როგორ არის იქ ჩატარებული სამუშაოები. ამ კონკრეტულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება", – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროსადგური - Sputnik საქართველო
ბოლო ინფორმაცია თბილისის მეტროდან: ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

გავრცელებული ინფორმაციით, ჭერის ჩამონგრევის დროს მგზავრთა ნაწილი მატარებლის ვაგონებში იმყოფებოდა, ნაწილი კი მოსაცდელ დარბაზში. შემთხვევის დროს გაითიშა ელექტროენერგიაც და მოხდა დაკვამლიანება.

დაშავებულების უმეტესობას მოტეხილობები აღენიშნება. ერთ-ერთ მათგანს კი ხერხემალი აქვს დაზიანებული.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია.

საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.

თბილისის მეტროპოლიტენი ყოველდღიურად 290 ათასამდე მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა რაოდენობით მეტრო სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

2017 წელს თბილისში სამი სადგური გარემონტდა — „ახმეტელის თეატრი", „ავლაბარი" და „ვარკეთილი". 16 ოქტომბერს თბილისში მეტროს ახალი, რიგით 23-ე  სადგური — „სახელმწიფო უნივერსიტეტი" გაიხსნა.

2018 წელს მეტროს 11 სადგურის რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0