06:21 29 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში-2018 (278)
1887 0 0

ეროვნული გამოცდების ოთხ საგანში იცვლება არჩევითპასუხებიანი დავალებები, საგამოცდო ტესტის ქულების რაოდენობა და დავალების შესრულების დრო.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდების 2019 წლის ტესტებში ცვლილებები ოთხ გამოცდას შეეხება, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, ცვლილებები შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის, ლიტერატურის, გეოგრაფიისა და უცხოური ენების გამოცდებს. ამასთან, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა:

ცვლილებების მიხედვით, ტესტში მხოლოდ სამი დავალება იქნება: ტექსტის რედაქტირება (მაქსიმალური 16 ქულა), არგუმენტირებული ესსე (მაქსიმალური 24 ქულა) და მხატვრული ტექსტის ანალიზი (მაქსიმალური 30 ქულა). 2019 წლის ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტს მოაკლდება 15-ქულიანი არჩევითპასუხებიანი დავალება (წაკითხულის გააზრება), მხატვრული ტექსტის ანალიზს კი დაემატება 5 ქულა. შესაბამისად, საგამოცდო ტესტი იქნება არა 80-ქულიანი, არამედ 70-ქულიანი. გარდა ამისა, ტესტის დავალებების შემცირებასთან ერთად შემცირდება საგამოცდო დროც და გახდება 3 საათი და 45 წუთი.

ლიტერატურის გამოცდა:

ცენტრის ინფორმაციით, ტესტიდან ამოღებულია ერთი წერითი დავალება, სამაგიეროდ გაიზრდება ღია კითხვების ბლოკი (მაქსიმალური ქულაა 40, ნაცვლად 30-ისა) და მხატვრული ტექსტის ანალიზის მაქსიმალური ქულა იქნება 30, ნაცვლად 25-ისა. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა კი 80-ის ნაცვლად იქნება 70 ქულა. ასევე შემცირდება გამოცდისათვის განკუთვნილი დროც და 4 საათისა და 15 წუთის ნაცვლად, იქნება 4 საათი.

უცხოური ენების გამოცდა:

ცვლილებების მიხედვით, ტესტიდან ამოღებულია მეშვიდე არჩევითპასუხებიანი დავალება, რომელიც გრამატიკის ცოდნას ამოწმებდა. გრამატიკის ცოდნა შემოწმდება ტესტში არსებული წერითი დავალებების საშუალებით. შესაბამისად, საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა 90-ის ნაცვლად იქნება 80 ქულა. საგამოცდო დროც 10 წუთით შემცირდება და 2 საათი და 30 წუთი იქნება. 

გეოგრაფიის გამოცდა:

ცვლილებების მიხედვით, ტესტში გაიზრდება ე.წ. ღია დავალებების ხვედრითი წილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცოდნის გამოყენებასა და ანალიზზე. შეასაბამისად, შემცირდება ე.წ. არჩევითპასუხებიანი კითხვების წილი და დაემატება 1, 2, 3 და 4-ქულიანი ღია დავალებების ბლოკი. 2019 წლის გეოგრაფიის ტესტში უცვლელი იქნება შემდეგი დავალების ტიპები: კითხვა არჩევითი პასუხებით, რუკის ანალიზი (ფიზიკური და ტოპოგრაფიული) და ინფორმაციის ანალიზი. ტესტის მაქსიმალური ქულა კი იქნება 60 ქულა (59 ქულის ნაცვლად).

განათლების სისტემაში რეფორმების ახალი ტალღა იწყება>>>

აბიტურიენტებს გამოცდაზე კვლავ დაურიგდებათ საქართველოსა და მსოფლიოს A3 ფორმატის ფიზიკური რუკები და შესაბამისი დავალებისათვის გათვალისწინებული ტოპოგრაფიული რუკები.

რაც შეეხება სხვა ცვლილებებს, ცენტრის ინფორმაციით, 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სხვა ტიპის სიახლეები არ იგეგმება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში 2005 წელს დაინერგა. იმისათვის, რომ გახდეს სტუდენტი, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს გამოცდები სამ აუცილებელ საგანში — ზოგადი უნარ-ჩვევები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ასევე ერთი გამოცდა არჩევით საგანში — ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

 

თემები:
განათლება საქართველოში-2018 (278)

მთავარი თემები