თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. განათლების რეფორმის მოსამზადებელ პროცესში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი რეფორმების ჯგუფს ქმნის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების სისტემის რეფორმა მიმდინარე წლის ივნისში დააანონსა. პროგრამის თანახმად, რეფორმა განათლების სისტემის ყველა დონეს შეეხება. კერძოდ, ცვლილებები შეეხება სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას.
სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმების ჯგუფში სხვადასხვა დაინტერესებული მხარე გაერთიანდება.
განათლების სისტემის რეფორმის ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე „ბრიტანეთის საბჭო" იქნება, რომელიც განხილვების ყველა დონეზე მიიღებს მონაწილეობას. „ბრიტანეთის საბჭო“ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას კულტურის და განათლების სფეროებში.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა მინისტრმა „ბრიტანეთის საბჭოს" ხელმძღვანელ ზაზა ფურცელაძესთან და პროექტის მენეჯერ თამარ კვაჭაძესთან უკვე გამართა.
ბატიაშვილის თქმით, განათლების რეფორმის მოსამზადებელი პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შინაარსი ახლო მომავალში ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.
ჯგუფის მუშაობაში ჩაერთვებიან სამთავრობო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.