ვინ შეცვალა მიმინოშვილი Naec-ში: მინისტრმა რამდენიმე უწყების ხელმძღვანელი დანიშნა

გამოწერა
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში რეფორმები საკადრო წმენდით დაიწყო.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ახალ გუნდთან ერთად განვახორციელებთ განათლების სისტემის რეფორმასა და სრულ ტრანსფორმაციას, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რას შეეწირნენ მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე>>>

მინისტრმა ბატიაშვილმა უწყებაში რეფორმების გატარება საკადრო ცვლილებებით დაიწყო, როდესაც მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თანამდებობებიდან გაათავისუფლა მისი მოადგილეები თემურ მურღულია და ლია გიგაური, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.

მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრმა იმით ახსნა, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარება ახალ გუნდთან ერთად სურდა.

საკლასო ოთახი - Sputnik საქართველო
განათლების სისტემაში რეფორმების ახალი ტალღა იწყება

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განათლების მინისტრის მოადგილეების რაოდენობა შვიდიდან ხუთამდე შემცირდა. ბატიაშვილის განმარტებით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე 2018 წლის 31 ოქტომბრამდე სამინისტროში მუშაობას გააგრძელებს, ხოლო შემდგომ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

ბატიაშვილმა თავის მოადგილედ ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი დანიშნა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად - ზვიად გაბისონია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად კი ბერიკა შუკაკიძე.

ასევე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა გიორგი ვაშაკიძე, შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორად – სოფიო გორგოძე.

მიხეილ ბატიაშვილი რამდენიმე თვეა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს. მან განათლების სფეროში დიდი ცვლილებები დააანონსა. რეფორმა განათლების სისტემის ყველა დონეს შეეხება. კერძოდ, ცვლილებები შეეხება სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0