თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად ინტერნეტში შექმნილ პეტიციას სახელწოდებით „უარს ვამბობ ნაძვის ხეზე, ვირჩევ ადამიანს!“ უკვე 4,5 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
პეტიციის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მოკლული მოზარდების მამებს, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის 31 დეკემბრამდე გაგრძელების ნებართვას არ აძლევს. ეს გადაწყვეტილება მერიამ იმით ახსნა, რომ აქციის ჩატარების ადგილზე საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას.
„რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა, კარლო (კახა) კალაძემ, 16 წლის, სადისტურად მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს და სპეცრაზმის მიერ მოკლული 20 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, რუსთაველის გამზირიდან პროტესტის გადატანა „სხვა" ადგილას მოსთხოვა, საახალწლო ნაძვის ხისა და საახალწლო განათებების დამონტაჟების „აუცილებლობის" მიზეზით. ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე!“, - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციას უკვე 4,5 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. იმისათვის, რომ საქართველოს მთავრობამ, რომლის სახელზეც არის შედგენილი პეტიცია, განიხილოს საკითხი, საჭიროა 10 000 ადამიანის ხელმოწერა.
რაც შეეხება საპროტესტო აქციას პარლამენტთან, ის ახლაც გრძელდება. შაბათ საღამოს მომიტინგეებს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. მათ კარვების გაშლა სცადეს, თუმცა თავდაპირველად პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. არასამთავრობოების დაპირისპირება პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.
ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>
საბოლოო ჯამში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარვების დადგმა მოახერხეს. მათ მთელი ღამე კარვებში გაატარეს, თუმცა გამთენიისას დაშალეს კარვები და წავიდნენ. მათ აღნიშნეს, რომ თავის მიზანს მიაღწიეს. თავისი კარვები მათ ზაზა სარალიძეს გადასცეს.
მკვლელობის საქმე
სარალიძემ საპროტესტო აქცია 31 მაისიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავითის და კიდევ ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. სასამართლომ ვერ უპასუხა კითხვას - ვინ მოკლა სარალიძე. საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლდა, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ხოლო შსს გამოძიებაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გამოძიებით დაკავდა, პროტესტი შეწყდა. თუმცა სარალიძე ორივე სტრუქტურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და 10 სექტემბერს კვლავ ქუჩაში გავიდა.
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.