სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატიმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს მაცივრით, თუ გამოვლინდება ამ ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში მყოფი პატიმრები მაცივრით სარგებლობას შეძლებენ, თუ საკნის ინფრასტრუქტურა ამის საშუალებას იძლევა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუშაობა საპატიმრო ვადის შესამცირებლად: სიახლე საქართველოს ციხეებში>>>

აღნიშნულ ბრძანებას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს მოაწერა ხელი. ცვლილებები საქართველოს სასჯელაღსრულების თხუთმეტივე დაწესებულების დებულებაში შევიდა და ყველა ბრალდებულსა და მსჯავრდებულს საპატიმროში მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცა.

„ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება ექნება, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი, რომლის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100X60X60სმ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ახალი ბრძანებების მიხედვით, დისციპლინური სახდელის დაკისრების შემთხვევაში იკრძალება პატიმრისათვის მაცივრის ჩამორთმევა.

„მოცემული ნივთის ქონა ჯანსაღი საკვების მიღების უფლებას უკავშირდება და პატიმრის ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი საწინდარია. ამიტომაც აიკრძალა მაცივრის ჩამორთმევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა პატიმარი არღვევს დაწესებულებაში ქცევის წესებს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატიმარი მხოლოდ იმ შემთხვევაში ვერ ისარგებლებს მაცივრით, თუ გამოვლინდება ამ ნივთით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტები, ან მაცივარი და მისი ნაწილები პატიმარმა ისე გამოიყენა, რომ საფრთხე შეუქმნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ასეთ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მაცივარი გადაეცემა პატიმრის ოჯახის წევრს ან შესანახად მოთავსდება დაწესებულების საწყობში პირის გათავისუფლებამდე.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მაცივრის შეძენისა და სარგებლობის უფლება მხოლოდ დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს ჰქონდათ.

გამოსასწორებელი კოლონია - Sputnik საქართველო
ელექტრონული სამაჯური მოძალადე ქმრებისთვის და პენიტენციალური რეფორმის სხვა სიახლეები

2018 წლის 1 იანვრიდან „პატიმრობის შესახებ კოდექსში“ გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, 1 იანვრიდან "სისხლის სამართლის კოდექსში" თავისუფლების შეზღუდვა შინაპატიმრობამ ჩაანაცვლა. შინაპატიმრობის დროს მსჯავრდებული თავის სახლში რჩება, თუმცა მის გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით აკონტროლებენ. შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს ასევე ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში შინაპატიმრობა თავისუფლების აღკვეთით შეიცვლება.

ასევე 1 იანვრიდან გაიხსნა სპეციალური ციხე, სადაც ის პატიმრებს გადაჰყავთ, რომელთაც ექვსი თვე და უფრო ნაკლები დარჩათ მოსახდელი. აქ პატიმარს შეუძლია მოემზადოს გარე სამყაროსთან ადაპტაციისათვის. მას უფლება აქვს, შაბათ-კვირას დატოვოს დაწესებულება, ეძებოს სამუშაო, ისწავლოს, მოემზადოს ახალი ცხოვრებისთვის.

ასევე, პატიმრებს 1 იანვრიდან არა მხოლოდ პროფესიული, არამედ უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების უფლებაც აქვთ. ის პატიმრები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ მიიღონ უმაღლესი განათლება, უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი ლიტერატურითა და დისტანციური კომუნიკაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0