თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ოფისის დასაქირავებლად 500 ათასი ლარი გამოეყოფა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნიკოლოზ გაგუას განცხადებაზე დაყრდნობით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე 26 ივნისს გადავიდა და 2 ივლისამდე სამუშაო პროცესი შეაჩერა. ამის მიზეზი შენობის მძიმე ავარიული მდგომარეობაა.
სახალხო დამცველის აპარატის შენობა 5 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად საფუძვლიანად დაზიანდა. ავარიულ შენობაში მანამდეც არსებული ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. მაშინ ნინო ლომჯარიამ საკუთარ Facebook-გვერდზე შესაბამისი ფოტომასალა გამოაქვეყნა და დახმარება ითხოვა. თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლება შესაბამის თანხას გამოყოფს.
გაგუას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატისთვის თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
„სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოიყოფა დაახლოებით 500 ათასი ლარი სარეზერვო ფონდიდან. ამის მიზანია სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის დაქირავება, ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებამდე“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
სახალხო დამცველის ოფისი თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.