თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სასამართლომ 6 წლით პატიმრობა შეუფარდა დაუსწრებლად, ამტკიცებს, რომ 2005 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების საქმესთან დაკავშირებული არ არის.
მიხეილ სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს>>>
სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა.
რაც შეეხება განაჩენს, გამოძიებამ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა გელაშვილის ცემა, მას შემდეგ, რაც 2005 წლის ივნისში გაზეთ „რეზონანსში“ დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში გელაშვილი აცხადებდა, რომ მას წაართვეს მისი კუთვნილი ქონება და აღშფოთებას გამოხატავდა ამის გამო. იმავე სტატიაში იგი შეურაცხმყოფელი ფორმით შეეხო სააკაშვილის პირად ცხოვრებას.
გამოძიების მტკიცებით, სააკაშვილის დავალება 2005 წლის 14 ივლისს შეასრულეს — გელაშვილს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეცრაზმის თანამშრომლები გაუსწორდნენ.
შედეგად ვალერი გელაშვილმა ქალა-ტვინის ტრავმა, ყბა-სახის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარედგინა სსკ–ის მუხლებით „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“ და „სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება".