მამუკა ბახტაძემ დევნილ ოჯახებს ბინები გადასცა

© FB / Mamuka Bakhtadzeმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინებს 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მცხოვრებ 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კომისიამ გაითვალისწინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ოჯახების მოთხოვნები და მათ ბინები პირველ სართულზე გადასცა. ამ ეტაპზე დევნილ ოჯახებს გადაეცა 48 ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა.

ვის დაუფარავს სახელმწიფო იპოთეკურ სესხს>>>

„თითოეული ჩვენგანისთვის ემოციური დღეა — დღეს 240 ქართული ოჯახი მიიღებს ბინას, მიიღებს ადგილს, სადაც იცხოვრებს. ადგილს, საიდანაც შეძლებენ, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ იარონ ბაღებსა და სკოლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ შეგვიცვლის ჩვენ მთავარ გულისტკივილს. დღეს არ არის მოსალოცი დღე, მოსალოცი გვექნება მაშინ, როდესაც აღდგება სამართლიანობა და ყველა დავუბრუნდებით ჩვენ ოჯახებს", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემისას.

გავრცელებული ინფორმაციით, ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინებს 360 დევნილი ოჯახი მიიღებს.

თბილისში ახალაშენებულ კორპუსში 40 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა, რქივის ფოტო - Sputnik საქართველო
საკუთარი ჭერი დევნილებს: ხელისუფლებამ კიდევ 40 დევნილი ოჯახი დააბინავა

„მინდა იმ ოჯახებს, რომლებიც ობიექტის დროულად დასრულებას ელოდებიან, შევპირდე, რომ ჩვენ უმოკლეს ვადებში დავამთავრებთ მშენებარე ობიექტსაც და შემდეგი 360 ოჯახი დროულად მიიღებს ბინებს", – აღნიშნა პრემიერმა.

ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემას მთავრობის მეთაურთან ერთად ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

იმისთვის, რომ მოხდეს დაკანონება ან ახალი ფართების მიღება, დევნილებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უნდა მიმართონ.

ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცათ>>>

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 267 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.

ყველა ახალი ამბავი
0