თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. ქვეყანაში ერთადერთი ეროვნული ავიაგადამზიდავი კომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ქართული ბაზრიდან თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს გაყვანის მოთხოვნით კვირის ბოლოს საპროტესტო აქციას გეგმავს, ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook–გვერდზე.
ავიაკომპანია მოითხოვს, რომ თურქულმა კომპანია TAV Ubran Georgia-მ, რომელსაც თბილისის აეროპორტი 2027 წლამდე მართვაში აქვს გადაცემული, ქართული ბაზარი დატოვოს. Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ ბილეთებზე ფასების დაწევა არ შეუძლიათ იმის გამო, რომ TAV Urban-ის მხრიდან მომსახურება ძვირი ჯდება. ორ ავიაკომპანიას შორის დაპირისპირება ერთ წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ ცნობილი აპრილში გახდა.
„სამწუხაროდ, სხვა გზა არ დაგვრჩა და იძულებული ვართ გთხოვოთ გვერდში დგომა, რათა ვაიძულოთ „ტავ ურბან ჯორჯია" გავიდეს საქართველოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გააგრძელებენ ჩვენი აეროპორტების მართვას მინიმუმ 2027 წლამდე. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლოს ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე და მოგიწოდებთ თანადგომისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაგეგმილი აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის გავრცელებას ქართული ავიაკომპანია უახლოეს დროში გეგმავს.
Georgian Airways-ის საპასუხო განცხადება გაავრცელა კომპანია TAV Urban-მაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართულ ავიაგადამზიდს მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავს.
“Georgian Airways-ი კვლავ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ავიაკომპანიის ბოლო განცხადებაში ნათქვამია, რომ TAV Georgia კომპანია Georgian Airways-ს ბილეთებზე ფასების დაწევის პროცესში უშლის ხელს, რაც რეალობას არ შეესაბამება“, – ნათქვამია თურქული კომპანიის Facebook–გვერდზე.
ყველაზე პუნქტუალური ავიაკომპანიების ტოპ-ხუთეული>>>
TAV Urban Georgia-ს ასევე მოჰყავს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO-ს 2017 წლის კვლევის მონაცემები, რომლის თანახმად, აეროპორტთან დაკავშირებული ხარჯები ბილეთის საერთო ღირებულების მხოლოდ 25%-ს შეადგენს, დანარჩენი 75% კი თავად ავიაკომპანიის ხარჯებია.
„მოსკოვისა და კიევის მიმართულებით Georgian Airways-ის ბილეთების ფასი მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე Aeroflot-ის, Pobeda-ს და Ukraine International Airways-ის. აღსანიშნავია, რომ დასახელებული უცხოური ავოაკომპანიები არ სარგებლობენ ანალოგიური სპეციალური ფასდაკლებებით, უფრო მეტიც, განსხვავებით ქართული ავიაკომპანიისგან, TAV Georgia მათ საჰაერო მომსახურებასაც უზრუნველყოფს“, – დასძინეს კომპანიაში.
Georgian Airways-ის წინამორბედი ავიაკომპანია Airzena 1993 წელს შეიქმნა. თავიდან ის ჩარტერულ რეისებს ახორციელებდა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის იტალიის, ეგვიპტის, ინდოეთის მიმართულებით, გარდა ამისა, რეგულარულ ავიარეისებს – ავსტრიაში. 1999 წელს კი ავიაკომპანია საქართველოს ეროვნული გადამზიდავი გახდა.
2004 წელს ავიაკომპანიას „Georgian Airways — საქართველოს ავიახაზები" ეწოდა, თუმცა დასახელება Airzena მოკლე საფირმო ნიშნის სახით დღემდე ფართოდ გამოიყენება.
თბილისში „სატრანსპორტო უკმაყოფილება“ ამ კვირაში დაიწყო. ორშაბათიდან არ მუშაობს მეტრო. მემანქანეებმა და მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებმა სამსახურში გასვლაზე უარი განაცხადეს მანამ, ვიდრე მათ ხელფასებს არ მოუმატებენ. მეტროს გაჩერებამ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.