თბილისი, 14 მაისი — Sputnik. 13 მაისს პოლიციის მიერ კონტრაქციაზე დაკავებული 19 ადამიანიდან ნაწილი ხელწერილით გათავისუფლდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
უქმეებზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ახალგაზრდული ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებით სპროტესტო აქცია შაბათს დაიწყო, რომელზეც „კლუბური აქციის" მონაწილეები 12 მაისს თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას პოლიციელთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ.
რუსთაველის გამზირზე „კლუბური აქციის" პარალელურად ნაციონალისტური დაჯგუფებების კონტრაქცია გაიმართა, რომლებიც „თეთრი ხმაურის" მიერ ორგანიზებულ აქციას აპროტესტებდნენ. პოლიციამ კონტრაქციის წევრებს ძირითადი აქციის მონაწილეებთან მიახლოების შესაძლებლობა არ მისცა. აქციის მონაწილეებს ნაციონალისტური დაჯგუფების მომხრეების თავდასხმისგან პოლიციის კორდონები და წყლის ჭავლის მანქანები იცავდნენ.
კონტრაქციის დაკავებულ მონაწილეებს შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
გათავისუფლებულ აქტივისტებს შორისაა კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი გაბედავაც. კონკრეტული თარიღი, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეზე, ჯერჯერობით უცნობია.
თავისუფლების მოედანზე გამართული აქცია გვიან ღამით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ დაიშალა.
„კლუბური აქციის" ორგანიზატორებმა აქცია ერთი კვირის ვადით შეწყვიტეს, მათი მოწინააღმდეგე ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები კი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ორშაბათს, 18:00 საათზე მოძრაობა "ეროვნული ძალების გაერთიანების" მომხრეები ფილარმონიასთან შეკრებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.