თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ერთი დღე-ღამის განმვალობაში სამი ახალგაზრდის სიკვიდილი შესაძლოა ნარკოტიკულმა საშუალება „ფენტანილმა“ გამოიწვია, განუცხადა ნარკოლოგმა დავით ოთიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ (Rustavi2).
ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ სამი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ახალი თაობის ნარკოტიკი — „მეფედრონი“, იგივე „აბაზანის მარილი“ ყოფილიყო.
ნარკოლოგი ამ თვალსაზრისს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ სახეზეა სხვა ნივთიერების — „ფენტანილის“ ზემოქმედება. ამ ვარაუდის საფუძველს ის სიმპტომები აძლევს, რომელიც „მეფედრონს“ არ ახასიათებს.
„ფენტანილი" არის ძალიან ძლიერი, ძალიან საშიში სინთეტური ოპიოიდი, რომელიც არის „მორფინზე" დაახლოებით ასჯერ და „ჰეროინზე" დაახლოებით 10-ჯერ უფრო ძლიერი. ჩრდილოეთ ამერიკაში ამჟამად არის „ფენტანილის" დოზის გადაჭარბების ეპიდემია და თუ ეს პრეპარატი საქართველოშიც შემოვიდა, ჩვენ ძალიან სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე“, — აღნიშნა დავით ოთიაშვილმა.
ნარკოლოგის თქმით, როდესაც მომხმარებლები იძენენ ამ ნივთიერებას, არ იციან რომ ეს არის „ფენტანილი," როგორც წესი „ჰეროინის" სახელით საღდება, ამიტომ დოზას ვერ არჩევენ სწორად და ძალიან ხშირია სიკვდილი დოზის გადაჭარბებით.
დავით ოთიაშვილის თქმით, შსს-მ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალისტებს იმის შესახებ, თუ რა ახალი ნივთიერებები ტრიალებს შავ ბაზარზე, იმისათვის რომ მათ იცოდნენ რაზე აიღონ ეჭვი. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა ამოიღოს პრეპარატი „ნალოქსონი" სარეცეპტო მედიკამენტების სიიდან, რადგან ის ერთადერთი ანტიდოტია, რომელიც დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
სამი ახალგაზრდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ტელეკომპანიის ცნობით ბოლო ორი კვირის განმავლობაში სავარუდოდ, ახალი ნარკიტიკით გარდაცვლილთა რიცხვი უკვე 10-ს აღწევს, 15 ადამიანი კი კლინიკებშია გადაყვანილი.
„თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ ბაზარზე არსებული ყველა ნარკოტიკული ნივთიერება დაბინძურებულია უცნობი ნივთიერებით. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ეს ნივთიერება „ფენტალინია“ და ქვეყანაში მიზანდასახულ დივერსიას აქვს ადგილი.
„მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან, ვვარაუდობთ, რომ არა მხოლოდ ე.წ „მეფედრონია" ლეტალობის მიზეზი, არამედ ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებაც განგებაა დაბინძურებული დღემდე უცნობი ნივთიერებით (კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე შესაძლოა ეს იყოს „ფენტანილი“, ჰეროინზე 50-ჯერ, ხოლო მორფზე 80-ჯერ ძლიერი ოპიატი)“, — ნათქვამია „თეთრი ხმაურის“ განცხადებაში.