თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის 44 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც ქვეყანაში ერთი კილოგრამი კოკაინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერება შემოიტანა, განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე.
შსს-ში აცხადებენ, რომ ყაზახეთის მოქალაქე საქართველოში ბრაზილიიდან დუბაის გავლით ჩამოვიდა.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, რაც რვიდან ოც წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ბრიფინგზე ჭელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამართამცველებმა თბილისში, მის გარეუბნებში, აჭარაში, კახეთში, გურიაში, შიდა ქართლსა და სამეგრელოში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 13 ადამიანი, აქედან ხუთი ნარკორეალიზატორი აღმოჩნდა.
სულ ამოღებულია 2,7 ათასზე მეტი აბი „ექსტაზი", 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება MDMA, 1 კილოგრამამდე კოკაინი, 530 აბი „სუბუტექსი", 100 აბი „სუბოქსინი" და 200 გრამი ამფეტამინის ჯგუფის ნარკოტიკი.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს 13 გრამზე მეტი ჰეროინი, 94 აბი მეტადონის მარილი, 10 აბი „მეტადონი", 5,1 გრამზე მეტი მეტამფეტამინის ფხვნილი, 3,5 გრამზე მეტი კოდეინის მარილი, 3 გრამამდე მორფინის მარილი, 1,1 გრამზე მეტი „თებაინი" და სხვა.