აფხაზეთში ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 25 ადამიანის ნეშტი იპოვეს

© photo: Sputnik / Michael Mokrushin / გადასვლა მედიაბანკშისოხუმი
სოხუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იდენტიფიცირებულია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობასთან დაღუპულთა, მათ შორის ქალაქის მერის, გურამ გაბისკირიასა და უშიშროების საბჭოს წევრის, პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნეშტები

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აფხაზეთში საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კიდევ 25 ნეშტი აღმოაჩინეს.

"1992-93 წლებისა და 2008 წლის ომის შედეგად 2400-ზე მეტი ადამიანია უგზო-უკვლოდ დაკარგული და ბევრი ოჯახი ელოდება თავის საყვარელ ადამიანს, რომელთა ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იცის. 2010 წლიდან დღემდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, 110-მა ოჯახმა შეიტყო დაკარგული ოჯახის წევრისა და ახლობლის ხვედრისა და ადგილსამყოფელის შესახებ, დღეს კი ამ რიცხვს კიდევ 25 ოჯახი შეემატა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

გმირთა მემორიალი - Sputnik საქართველო
საქართველოში 27 სექტემბერს აფხაზეთის ომში დაღუპულებს იხსენებენ

მან ასევე მოუწოდა ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია გააჩნია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ, ამის შესახებ აუწყოს თბილისში "წითელი ჯვრის" ორგანიზაციას მისამართზე — მოსაშვილის 24.

"ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სრული უფლება აქვს, დაიცვას მიწოდებული ინფორმაციისა და წყაროს კონფიდენციალურობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია – ნებისმიერი დაკარგულის შესახებ, იქნება ეს აფხაზი, ოსი თუ ქართველი, საქართველოს ნებისმიერი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში, მიაწოდოთ ამ ორგანიზაციას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერმა ასევე გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.

უფრო დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ საუბარმა გააცნო.

დაღუპულ მეომართა დაკრძალვა - Sputnik საქართველო
აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

"მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში გაიხსნა 28 სამარხი და 91 ნეშტი იქნა მოძიებული, მათ შორის 25 უკვე იდენტიფიცირებულია. ამ 25-დან ყველანი არიან გმირები, მაგრამ მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც სოხუმში უზენაესი საბჭოს შენობას იცავდნენ ჟიული შარტავასთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ მათ შორის იყვნენ მამია ალასანია – უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი – საქართველოს გმირი გურამ გაბისკირია. ასევე აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეების არიკ შენგელიას და ვახტანგ გეგელაშვილის, საბჭოს თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაცვისა და "ავღანელთა ბატალიონის" წევრების და მშვიდობიანი მოქალაქის მარია მოსიძის ნეშტები. მათ ყველა შანსი ჰქონდათ, რომ თავი გადაერჩინათ, მაგრამ არჩიეს ბოლო წუთამდე ყოფილიყვნენ თავიანთ პოსტზე და ბოლო წვეთამდე იბრძოლეს სამშობლოსთვის და მისი დამოუკიდებლობისთვის", — განაცხადა სუბარმა.

მან აღნიშნა, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა გრძელდება. სამუშაოები კარგი ტემპებით მიმდინარეობს.

"მადლობა მინდა ვუთხრა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და აფხაზურ მხარეს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ პროცესი დინამიკურად წავიდეს", — განაცხადა მინისტრმა.

ნეშტების ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ზაგრების უნივერსიტეტთან არსებულ დნმ-ის ლაბორატორიაში ჩატარდა. ამ ეტაპზე 25 ადამიანის ნეშტია იდენტიფიცირებული.

ყველა ახალი ამბავი
0