აფხაზეთის ომის დროს დაღუპული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

© FB/Министерство по беженцамდაღუპულ მეომართა დაკრძალვა
დაღუპულ მეომართა დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 60 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში 1992-1993 წლებში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, იუწყება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

სოზარ სუბარის განცხადებით, ამ დროისთვის უკვე 60 მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.

„ამ ადამიანებმა თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას. 12 მათგანი დღეს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 5 მშობლებმა გადაასვენეს. იდენტიფიცირებულ მეომართა რიცხვი ამ დროისთვის 60-მდე ავიდა და კიდევ 100-ზე მეტი არის ექსჰუმირებული და მიმდინარეობს იდენტიფიცირება“, — განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა.

სოზარ სუბარმა მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს და ასევე აფხაზურ მხარეს, რომელიც „დიდი გულისტკივილით ეკიდება ჩვენს ტკივილს“.

აფხაზეთის ომის დროს დაღუპული 17 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სამების ტაძარი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა ბაბუშერის აეროპორტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგეს დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

შეგახსენებთ: 2010 წელს, წითელი ჯვრის ეგიდით, შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა სამარხების გახსნა სოფელ გუმისთაში, სოფელ კოჩარაში, სოფელ ვარჩეში, ოდიშსა და კუკიის სასაფლაოებზე. სამარხების გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადაასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო შემდეგ საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა.

ამ დრომდე, ბაბუშერას სამარხის გახსნის შედეგად, უკვე იდენტიფიცირებული იყო 43 მებრძოლის ნეშტი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0