05:53 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
ლადო გუდიაშვილი

თბილისში საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

© Courtesy of Administration State Representative-Governor
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2231

თანამედროვე მწერლები საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შეიკრიბებიან და გალაკტიონ ტაბიძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა გამოჩენილი მწერლებისა და პოეტების შემოქმეებას გაიხსენებენ.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. თბილისში მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თანამედროვე მწერლები და პოეტები შეიკრიბებიან.

შეხვედრაზე ცნობილ ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პოეტი რატი ამაღლობელი ისაუბრებს. გამოჩენილი მწერლისა და პოეტის, აკაკი წერეთლის ლიტერატურულ მოღვაწეობას კი მწერალი, პოეტი და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გაიხსენებს. 

მწერალ მიხეილ ჯავახიშვილზე და მის ნაწარმოებებზე მწერალი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი ისაუბრებს, ხოლო მთარგმნელის, მწერლის, მეცნიერ-ფილოსოფოსის ბაჩანა ბრეგვაძის შესახებ მწერალი და სცენარისტი დატო ტურაშვილი ისაუბრებს.

პოეტი-რომანტიკოსის ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე ლექციას პოეტი სანდრო ლორთქიფანიძე წაიკითხავს, ხოლო ქართული პროზისა და პოეზიის კლასიკოსის ვაჟა ფშაველას შესახებ პოეტი ეთერ თათარაიძე ისაუბრებს.

გამოსვლების დეტალური განრიგი მოცემულია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ლექციების პარალელურად, მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა სპეციალური ფასდაკლებით.

პანთეონის მიმართულებით ყველა მსურველისთვის იმოძრავებს უფასო ავტობუსი. ამ მიმართულებით ორი ავტობუსი გამოიყო — 15:30-ზე და 16:30 საათზე, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან გავლენ. 

ღონისძიების ორგანიზატორებია თბილისის მერია და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, ასევე რამდენიმე გამომცემლობა.

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღედ(World Book and Copyright Day) იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გამოცხადდა. გადაწყვეტილება წიგნიერებისა და კულტურული ტრადიციების განვითარების მიზნით მიიღეს, ასევე იმიტომ, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებასა და ამ ცოდნის შეძენის ყველაზე საიმედო ხერხს წარმოადგენს.

თარიღი შეირჩა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 1616 წლის 23 აპრილს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი (იულიანური კალენდრის მიხედვით, სხვებზე 10 დღით გვიან) და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.


მთავარი თემები