19:41 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
თბილისი

ქართულმა მუზეუმმა ავანგარდისტებს მთელი მსოფლიოდან მოუყარა თავი

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
30 0 0

გამოფენა ცნობილ ავანგარდისტს ილია ზდანევიჩს ეძღვნება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში ქართველი, რუსი, უკრაინელი, პოლონელი და იტალიელი ავანგარდისტი მხატვრების უნიკალური ნახატები გამოიფინება.  

გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937", რომელიც 18 მაისიდან ივნისის ბოლომდე გაგრძელდება, ავანგარდის ცნობილ თეორეტიკოსს, მწერალს, გამომცემელსა და მხატვარს, თბილისის მკვიდრს ილია ზდანევიჩს (ილიაზდი) ეძღვნება.

„ილიაზდის პერსონა არ მიეკუთვნება ერთი რომელიმე ერისა თუ ქვეყნის კულტურას.  მისი შემოქმედება თანაბრად ფასეულია როგორც ქართული, რუსული, ფრანგული და პოლონური კულტურების, ასევე, ზოგადად, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის”, — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციებში დაცული ვასილ კანდინსკის, ნიკო ფიროსმანაშვილის, მიხეილ ლარიონოვის, ნატალია გონჩაროვას, ოლგა როზანოვას, კირილე ზდანევიჩის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ზიგა ვალიშევსკის, კაზიმირ მალევიჩის, ალექსეი კრუჩიონიხის, რობერტ ფალკის, ოსვალდო ლიჩინის, ალექსანდრე შევჩენკოს, შალვა ქიქოძის, მიხეილ ბილანიშვილის, ვოლდემარ ბობერმანის, ლევ ბრუნის და კლიმენტ რედკოს 100-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, საარქივო მასალა, ავანგარდული აფიშები და წიგნები.

ქართული ავანგარდიზმი გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, შალვა ქიქოძისა და მიხეილ ბილანიშვილის ნამუშევრებით. ზოგიერთ ნახატს საქართველოში პირველად იხილავენ.


მთავარი თემები