თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მცხოვრებლები ბოლო ხუთი წლის მანძილზე შინაურ ცხოველებს უფრო ხშირად იყოლიებენ, მაგრამ შემდგომში ყველა მეპატრონე როდი უვლის თავის აღსაზრდელს ისე როგორც საჭიროა, მიაჩნია ვეტერინარ გრიგორი ზარანიანს.
საქართველოს პარლამენტის კომიტეტები საკანონმდებლო ცვლილებეის პაკეტის განხილვას იწყებენ, რომლებიც მეპატრონეებს შინაური ცხოველების მოვლას აიძულებენ. სასტიკი მოპყრობა კი სამართლებრივად დასჯადი გახდება.
„სამწუხაროდ, არიან მეპატრონეები, რომლებიც არ უვლიან თავის ცხოველებს, არ აქცევენ საჭირო ყურადღებას და ვეტერინართან წელიწადში ერთხელაც კი არ მიჰყავთ. ასეთები უნდა ვაიძულოთ, და მე მიხარია, რომ ამას კანონი დაარეგულირებს. აუცილებელია პერიოდულად ცხოველის სპეციალისტთან წაყვანა’’, —თქვა ზარანიანმა Sputnik-თან ინტერვიუში.
ვეტერინარის აზრით, ყველა ცხოველს, რომლის გამრავლებასაც არ აპირებენ ან შეჯვარების პერიოდში ვერ აკონტროლებენ, ესაჭიროება სტერილიზაცია.
“ეს განსაკუთრებით ქუჩის ძაღლებსა და შერეული ჯიშის კატებს ეხება. თუ სტერილიზაცია არ უნდათ, ეგრეთ წოდებულ საქორწინო პერიოდში უნდა მიხედონ“,-თქვა მან და აღნიშნა, რომ არაჯიშიანი ცხოველების მოშენებაზე კონტროლის დაწესებას მიესალმება.
აუცილებელია ცხოველების ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღება მიექცეს, ხაზს უსვამს ვეტერინარი, რადგან მხოლოდ ჯანმრთელ ცხოველებს ძლიერი ნაშიერის დატოვება შეუძლიათ, ავადმყოფებს კი-სუსტის და არაჯანსაღის.
„ზოგიერთ ცხოველს სამ თვეში ერთხელ გასინჯვა სჭირდება, ზოგს კი წელიწადში ერთხელ. მთავარია სამ თვეში ერთხელ პარაზიტების საწინააღმდეგო წამლის მიცემა. ამის გაკეთება მეპატრონესაც კი შეუძლია. წელიწადში ერთხელ საჭიროა ცხოველის ვეტერინარულ კლინიკაში ვაქცინაციის გასაკეთებლად წაყვანა.
„გიყვარდეთ თქვენი ცხოველები და მოუარეთ მათ“,- მიმართავს ვეტერინარი მეპატრონეებს.
იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტი დამტკიცდება, ადამიანი, რომელიც შინაურ ცხოველს იყოლიებს, ვალდებული იქნება დაარეგისტრიროს ის და რეგისტრაცია ყოველწლიურად განაახლოს, ამასთან ერთად ცხოველ ვეტერინარული გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. სამი მოსმენით კანონპროექტის მიღებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შესწორებები ძალაში შევა.