თბილისი, 23 მარტი — Sputnik. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცხოველთა მოკვლისთვის სისხლის სამართლის სასჯელის დაწესება შესთავაზა.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქართველოში შინაური ცხოველი განიხილება როგორც ქონება, ამიტომ ცხოველის მკვლელი ადამიანი, თუ ამან სერიოზული ზარალი გამოიწვია, სასჯელს ქონების დაზიანებისთვის იხდის. სასჯელის ზომა ორ წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
ცაგარეიშვილი პარლამენტს სასჯელის შემოღებას სთავაზობს, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევა. ამის შემდეგ ადამიანს ცხოველის მკვლელობისთვის თავისუფლება შეიძლება ორი წლის ვადით აღეკვეთოს, ხოლო თუ ცხოველს პირთა ჯგუფი მოკლავს — ოთხ წლამდე ვადით.
გარდა ამისა, დეპუტატი წინადადებით გამოდის, დაწესდეს სისხლის სამართლებრივი სასჯელი ცხოველთა ბრძოლების ორგანიზებისა და მონაწილეობისთვის. ბრძოლებში მონაწილე ცხოველების მფლობელები, შესაძლოა, ერთი წლის ვადით დააპატიმრონ, ხოლო ბრძოლების ორგანიზატორები — სამი წლის ვადით.
დეპუტატს ასევე საჭიროდ მიაჩნია დასჯა ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. კანონპროექტის თანახმად, მსგავსი ქმედება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.