თბილისი, 26 იანვარი —Sputnik. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას", — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროგრამა:გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციაზე, იტყობინება სამშაბათს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ახალი პროგრამით სარგებლობას შეძლებენ, როგორც უცხოელი კინოს მწარმოებლები, ისე ქართველი კინემატოგრაფისტები.
მისივე თქმით, ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს კინოს, როგორც ინდუსტრიის ბიზნესის განვითარებას საქართველოში და მისი მეშვეობით ქვეყანა ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი გახდება.
„ქართველ და უცხოელ პროდიუსერებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამით, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავეს. საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ მთავრობის მიერ შეთავაზებული სქემა, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის კვალიფიციური ხარჯის 25%-მდე პროდიუსერისთვის დაბრუნებას", — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ქართული კინო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, კულტურაში. კინო მუდამ იყო ქვეყნის პასპორტი და ვიზა საერთაშორისო ასპარეზზე. მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელშიც კინოს უწყვეტი განვითარების 100-წლიანი ისტორია აქვს, - თქვა პრემიერმა.
პრეზენტაციას საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსუს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კინოინდუსტრიის წახალისება პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში იგეგმება, რომელიც ქვეყანაში 2014 წლიდან ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში დანერგილი იქნება ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმი (cash rebate), რაც იმას ნიშნავს, რომ კინომწარმოებლებს, საქართველოში კვალიფიციური ბიუჯეტის დანახარჯის 25% უკან დაუბრუნდებათ. აღნიშნული მექანიზმი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.
„გადაიღე საქართველოში“ ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, უცხოელი კინომწარმოებლების მოზიდვას, ტურიზმის ზრდას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებას, ასევე ისეთი სფეროების განვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია მხატვრული და სატელევიზიო ფილმების, ტელესერიალების, ანიმაციური და დოკუმენტური ფილმების შექმნასთან.