10:36 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)
507431

Sputnik-მა სპეციალური მასალა მოამზადა, რომელშიც მოცემულია რჩევები, როგორ ავირიდოთ გრიპი თავიდან და როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოში  H1N1 ვირუსით (ე. წ. ღორის გრიპი) დაავადების მეტ შემთხვევებს თებერვალში ელოდებიან, ეს ქვეყანაში დღეს გავრცელებული გრიპის ერთადერთი სახეობაა.

მიუხედავად ამისა, დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ეპიდემია არ იფეთქებს. ამ დროისთვის საქართველოში მცხოვრებ ყოველ 100 ათას ადამიანზე გრიპით დაავადების 248 შეთხვევა მოდის, ხოლო ეპიდემიის ზღვრად საქართველოში ასი ათასზე 500 შემთხვევა ითვლება. 

სპეციალისტებმა მედიასაშუალებებით მოსახლეობის ინფორმირება დაიწყეს იმის შესახებ, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან გრიპი და როგორ მოვიქცეთ დაავადების შემთხვევაში.

H1N1-ის სიმპტომები — როგორ განვასხვავოთ გრიპი გაციებისგან?

ექიმები გვაფრთხილებენ: გრიპი მაშინვე მაღალი ტემპერატურით იწყება. თუ ტემპერატურა 37,3 გრადუსს არ აღემატება, ეს გაციებაა და არა გრიპი.

ყელის, თავის, თვალების, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, სისუსტე — ეს H1N1-ის გრიპის მთავარი სიმპტომებია. ავადმყოფობა იმდენად მძიმედ მიმდინარეობს, რომ პაციენტები ვერ დადიან სამსახურში და აქტიური ცხოვრებით ვერ ცხოვრობენ. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია ექიმს მიმართოთ, რომელიც მედიკამენტურ მკურნალობას დაგინიშნავთ ან სტაციონარში მოგათავსებთ.

რისკის ჯგუფები

რისკის ჯგუფში შედიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გულისა და სისხლძარღვების დაავადებები, დიაბეტი, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები, ქრონიკული დაავადებები, ასევე 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები და ორსულები. მათ განსაკუთრებით უნდა შეიკავონ თავი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან და პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.

მკურნალობა

სპეციალისტები თვითმკურნალობას კრძალავენ და პაციენტებს მკურნალობისთვის ექიმთან მისვლას ურჩევენ.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება და განსაკუთრებით თვითნებურად დანიშვნა. მკურნალობის დროს მას შედეგი არ მოაქვს, მაგრამ შეიძლება მრავალი გვერდითი ეფექტის გამომწვევი გახდეს. გრიპის დროს სააჭიროა ანტივირუსული პრეპარატების მიღება, რომლებიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება.

ფილტვების ანთება — გრიპის გართულების ნიშანია, რომელიც ლეტალური შედეგის გამომწვევი შეიძლება გახდეს. ამგვარი გართულებების ასარიდებლად აუცილებელია ფილტვების შემოწმება და რენტგენის გადაღება.

გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტურ საშუალებად სპეციალისტები აცრას მიიჩნევენ. საქართველოში რისკის ჯგუფში შემავალი 12 ათასი ადამიანი უკვე აიცრა. მათთვის აცრა უფასო იყო. კიდევ 8 ათასი კერძო პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში აიცრა, რაც თითოეულ მათგანს 25 ლარი დაუჯდა.

აცრა 100%-იან გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ადამიანს გართულებებისგან იცავს. მისი მოქმედება ერთი წლის განმავლობაში გრძელდება. აცრისგან თავი უნდა შეიკავონ  ადამიანებმა, რომელთაც კვერცხის გულზე აქვთ ალერგია.

გრიპის პროფილაქტიკა:

1. გრიპით დაავადებული, ან ისეთი ადამიანებთან ახლო კონტაქტისგან თავის არიდება, ვინც ახველებს ან აცემინებს;

2. ხელის ხშირი დაბანა;

3. ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრება, ბევრი ხილისა და ბოსტნეულის მიღება;

4. შენობის ხშირად განიავება.

როგორ მოვიქცეთ პირველივე სიმპტომების გამოვლენისას

1. პირველ რიგში, იზოლირებული უნდა ვიყოთ გარშემომყოფთაგან, რათა ვირუსი არ გავავრცელოთ;

2. მივიღოთ დიდი რაოდენობით „ცე“ ვიტამინი და დიდი რაოდენობით სითხე;

3. ხშირად დავიბანოთ ხელები, განსაკუთრებით, ხველისა და ცხვირის დაცემინების შემდეგ;

4. მივიღოთ ექიმის დანიშნული წამლები.

14 იანვარს H1N1 ტიპის ვირუსისაგან თბილისში 39 წლის მამაკაცი დაიღუპა, რომელიც აჭარიდან გადმოიყვანეს თბილისში სამკურნალოდ. მომხდარმა ფაქტმა მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდება და ეს ვითარება გრიპის სეზონისთვის დამახასიათებელია.

ვირუსი H1N1 მსოფლიოში 2009 წელს გავრცელდა. მას პანდემიურსაც უწოდებენ, რადგან დასაწყისში მან მსოფლიო პანდემია გამოიწვია. ევროპაში იგი წლის მე-40 კვირას იწყება. საქართველოში კი ძალებს დეკემბრის მეორე ნახევრიდან იკრებს და მარტის ბოლომდე გრძელდება. 


თემები:
საქართველოში H1N1ვირუსი ვრცელდება (17)

მთავარი თემები