16:35 12 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8523
  • 100 RUB4.4253
  • USD3.1701
რუსეთი
მოკლე ბმულის მიღება
24 0 0

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა ინტერვიუ მისცა სააგენტო Sputnik-ს, რა დროსაც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში უფასო სწავლების შესაძლებლობაზე, უცხოელი სტუდენტებისთვის სტიპენდიებსა და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში რუსული სახლების გახსნაზე ისაუბრა.

ახლა მხოლოდ ბრაუზერის გახსნაა საკმარისი

კორონავირუსის პანდემია ვერ იქცა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ახალგაზრდობისთვის დაბრკოლებად რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების დროს. ევგენი პრომაკოვის თქმით, აბიტურიენტებისთვის „საკმარისია Study In Russia-ს ინტერნეტ-საიტზე შესვლა, დარეგისტრირება და საჭირო დოკუმენტების წარდგენა“.

„გამომდინარე იქიდან, რომ უცხოელ სტუდენტებს საბუთები საიტის მეშვეობით შეაქვთ, პანდემია მათ არ ემუქრება, - ამბობს პრიმაკოვი, თუმცა იქვე ამატებს, რომ ადგილზე გამოცდებზე სრულად უარის თქმა არ გამოდის. – ჩვენ გვესმის, რომ ზოგ ქვეყანაში ყველა რეგიონში ინტერნეტი არ არის. გარდა ამისა, არსებობს შემოქმედებითი სპეციალობებიც, რომლებზეც გამოცდების დაუსწრებლად ჩაბარება შეუძლებელია“.

მიუხედავად „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ოპერატიული ადაპტაციისა პანდემიის პირობებთან, ორგანიზაციაში მაინც შედიოდა არაერთი საჩივარი, რომლებიც უშუალოდ სააგენტოს არ უკავშირდებოდა.

„გასულ წელს აბიტურიენტებმა გამოცდები ჩააბარეს, პირველ კურსზე მოხვდნენ, მაგრამ დაკეტილი საზღვრების გამო ჩამოსვლა ვერ შეძლეს და ძალიან შეწუხებული იყვნენ. ბუნებრივია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით განათლების სამინისტროსთან, რათა მათთვის შემოსვლის ნება მიეცათ“, – განმარტა უწყების ხელმძღვანელმა.

რუსეთი ცენტრალურ აზიასთან რჩება

„როსსოტრუდნიჩესტვო“ თანდათან ცვლის მუშაობის ფორმატს. ცვლილებების მთავარი მიზეზი რუსული განათლების ხარისხიანობაა, მიაჩნია ევგენი პრიმაკოვს.

„90-იან წლებში ჩვენ ვლანძღავდით ჩვენი განათლების სისტემას, მაგრამ ბევრი რამ გამოსწორდა, ახლა ჩვენი განათლების სისტემა კარგია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩნდება მოთხოვნა არა მარტო რუსულ ენაზე, არამედ სხვა საგნებზეც. ჩვენ საინტერესო გადასვლას ვაკეთებთ მხოლოდ რუსულის მასწავლებლების გაგზავნიდან სხვა საგნების მასწავლებლების გაგზავნაზეც“, – ამბობს ის.

პრიმაკოვის თქმით, ასეთი ტენდენცია ვლინდება უზბეკეთში. „მე მივლინებით ვიყავი ტაშკენტში, სკვერში გავიარე და უზბეკი ბიჭები რუსულად ლაპარაკობდნენ. ჩანდა, რომ ისინი კომფორტულად გრძნობდნენ თავს. ასე რომ, რუსული ენა უზბეკეთში შიდა ურთიერთობის ენაა“, – აცხადებს პრიმაკოვი.

„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ამოცანა არ არის – ასწავლოს რუსული ენა მხოლოდ უზბეკეთში. ანალოგიური მიდგომა გვაქვს ტაჯიკეთის სკოლებში მასწავლებლების გაგზავნისადმიც“, – განმარტა პრიმაკოვმა.

„ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს ამ ისტორიას. საჭირო არაა მათთვის ხელის შეშლა. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით მუშაობის ორგანიზებაში, – ამბობს ევგენი პრიმაკოვი. – განათლების სამინისტროს გეგმაში აქვს ტაჯიკეთში სკოლების აშენება. ჩვენ უპირველესად იმით ვართ დაინტერესებული, რომ უცხოელმა სტუდენტებმა განათლება რუსეთში მიიღონ, შინ დაბრუნდნენ და თავიანთი ქვეყნების მეცნიერებასა და ეკონომიკას დაეხმარონ. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მომგებიანი იქნებოდა, თუ ყველაზე ჭკვიანები აქ დარჩებოდნენ, მაგრამ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ამოცანა ამ ქვეყნების გაძლიერებაა.

სამხრეთ კავკასიაში მუშაობის შესახებ

უწყების ხელმძღვანელის თქმით, „როსსოტრუდნიჩესტვო“ აზერბაჯანის ხელისუფლებასთან ქალაქ განჯაში ცენტრის გახსნაზე მსჯელობს, თუმცა როდის მოხდება ეს, ძნელი სათქმელია.

„ჩვენ რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ვიყოთ, უფრო გაგვიადვილდებოდა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის მთავრობათშორის შეთანხმებას ვეყრდნობით, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული სტრუქტურა ვართ. არ შეგვიძლია „საელჩო“ იქ გავხსნათ, სადაც მოგვესურვება“, – ამბობს ის.

მიუხედავად ამისა, პრიმაკოვის თქმით, არსებობს აზერბაიჯანში ახალი რუსული სახლის გახსნის დაჩქარების ვარიანტი – ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით.

ადგილობრივ საზოგადოებებთან კოოპერაცია სააგენტოს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა, მიაჩნია პრიმაკოვს და მაგალითი მოჰყავს: საიტისა და სააგენტოს სოციალური გვერდების ძირითადი ენა რუსულია. თუმცა პუბლიკაციის შემდეგ მთელი ინფორმაცია იქვე ითარგმნება იმ ქვეყნების ოფიციალურ ენებზე, რომლებშიც სააგენტოს ფილიალები ფუნქციონირებს. 

„ერევანში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ გვერდზე ბევრი ინფორმაცია სომხურ ენაზე გამოდის, და ეს სწორია, ასეც უნდა იყოს“, – ამბობს პრიმაკოვი.

უფრო რთულადაა საქმე საქართველოში, ვინაიდან ქვეყანას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

„გაუგებარია, ვისთან ვაწარმოოთ მოლაპარაკებები. ნებისმიერი მოძრაობა მტკივნეულ რეაქციას იწვევს, მაშინაც კი, თუ საუბარი პოლიტიკაზე არ არის. არის ადეკვატური მდუმარე უმრავლესობა, რომელსაც სურს კულტურული და სამეცნიერო კავშირების განვითარება, არსებობს რამდენიმე სკოლა და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც ჩვენ წიგნებით ვეხმარებით. მაგრამ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა არ შეგვიძლია“, – აღნიშნა პრიმაკოვმა.

საჭიროა მოქმედების ენა

„როსსოტრუდნიჩესტვოსთვის“ კიდევ ერთი პრობლემური რეგიონი ბალტიისპირეთია.

„ჯერჯერობით მათ აგრესიული რუსოფობიის ხაზი აქვთ, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვიძიოთ ბევრი თემა, ჟურნალისტების უფლებადამცველი ისტორიების ჩათვლით“, – ამბობს პრიმაკოვი.

მისი თქმით, სააგენტომ, ერთი მხრივ, თავადაც დაუშვა რამდენიმე შეცდომა: „ეს ძველი ფორმატებით ჩვენი გატაცებაა. საჭიროა მოიძებნოს კომუნიკაციის მეთოდები, რომელთა აკრძალვაც ძნელია – საიტები, ტელეგრამ-არხები“.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ შეძლოს უცხოელი სტუდენტებისთვის მგზავრობისა და სამედიცინო დაზღვევის დანახარჯების დაფარვა.

„ჩვენ მთელი სისტემის გარდაქმნა გვსურს. ახლა ჩვენი თანამემამულეები უფასო სწავლის უფლებას იღებენ. ჩვენ ვხედავთ, როგორ მუშაობენ კოლეგები უცხოეთში – გასცემენ სტიპენდიებს, რომლებიც გზის ხარჯებსაც ფარავს, საერთო საცხოვრებლისაც და კვებისაც. ჩვენ ამაში ჩამოვრჩებით. არსებობს ოჯახები, რომლებიც თავს ამის უფლებას ვერ აძლევენ. გამოდის, რომ ჩვენთან მოდის ნიჭიერი ახალგაზრდა – პოტენციურად კარგი IT-სპეციალისტი ან ფიზიკოსი, მაგრამ მას არჩევანი არ აქვს – ისწავლოს და იშიმშილოს, თუ თავი შეინახოს. ამიტომ სამუშაოდ ტაქსისტად მიდის. ეს უნდა მოგვარდეს. მოქმედებების ენაზე უნდა გადავიდეთ“, – დაასკვნა ევგენი პრიმაკოვმა.

მთავარი თემები