04:21 28 ივლისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6409
  • 100 RUB4.1895
  • USD3.0892
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
სპორტის ამბები (1177)
225 0 0

ქართველი მორაგბეების მარცხი მსოფლიოს ჩემპიონებთან და ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრიტანული თავგადასავალი.

კვარაცხელია ტრავმის შემდეგ გოლით დაბრუნდა. ყაზაიშვილმა თავის გუნდს მოაგებინა

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევი ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო მოედანს დაუბრუნდა. ხვიჩას „რუბინი“ ამხანაგურ შეხვედრაში „ნიჟნი ნოვგოროდს“ დაუპირისპირდა და სამბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.

აღნიშნული შეხვედრა საუნტერესო იყო ქართველი გულშემატკივრებისთვის, რადგან ყაზანური კლუბის მაისურით მინდორზე ორი ქართველი ფეხბურთელი ირჯებოდა. კვარაცხელიამ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მატჩის 30–ე წუთზე თავისი საფირმო დრიბლინგით თავიც გამოიჩინა. მეტოქის საჯარიმოში მყოფი ქართველის წინააღმდეგ „ნიჟნი ნოვგოროდის“ მცველებმა უხეშად ითამაშეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ხვიჩამ იდეალური დარტყმით თავად შეასრულა და ანგარიში გახსნა. კარგი მატჩი გამოუვიდა „რუბინში“ დაბრუნებულ ზურიკო დავითაშვილსაც, რომელმაც შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო. შეხვედრის 65-ე წუთზე მინდორზე ისიც გამოჩნდა და შემოსვლიდან 20 წუთში საგოლე გადაცემაც მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს პირველი გოლია მიღებული ტრავმის შემდეგ, ზურიკოსთვის კი პირველი საგოლე პასი მას შემდეგ, რაც „რუბინს" იჯარიდან დაუბრუნდა.

კარგი შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. ვაკომ აზიის ჩემპიონთა ლიგაში, „ულსან ჰიუნდაის“ შემადგენლობაში შეძლო თავის გამოჩენა, სადაც გოლისა და საგოლე გადაცემის გამომუშავება შეძლო. სამხრეთკორეულმა გუნდმა ფილიპინური „კაია ილოილო" დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ყაზაიშვილმა ასისტი შეხვედრის მე-12 წუთზე გაიფორმა, როდესაც სე ჰუნს გოლის გატანაში დაეხმარა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ვაკომ თავად მოახერხა გატანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გიორგი აბურჯანიას შესახებ, რომელიც კარიერას პორტუგალიურ „ჟილ ვისენტეში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის შეძენის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.

გავრცელებული ცნობით, აბურჯანიასა და პორტუგალიურ კლუბს შორის კონტრაქტი ორი წლით, 2023 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ესპანურ „კარტახენაში“ გაატარა და 13 შეხვედრაში ერთი გოლის გატანა მოახერხა.

ბასილაშვილი სენსაციურად მოგებული სეტის მიუხედავად დამარცხდა. კალაშნიკოვა კი წინსვლას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ბრიტანული თავგადასავალი ხანმოკლე გამოდგა. ქართველი ჩოგბურთელი უიმბლდონს პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონზე პირველივე მატჩი მასპინძელ ენდი მარისთან დათმო. მიუხედავად მარცხისა, ნიკოლოზმა შეხვედრის მიმდინარეობისას საოცარი სეტი მოიგო.

ქართველმა დიდი სლემის ორგზის გამარჯვებულთან მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. ორი წაგებული სეტის შემდეგ (4:6, 3:6) ბასილაშვილი გამანადგურებელ ანგარიშთან ძალიან ახლოს იყო. ბასილაშვილი მესამე სეტში დიდი ანგარიშით - 0:5 მარცხდებოდა, თუმცა მან სეტი სასწაულებრივად ზედიზედ შვიდი მოგებული გეიმით დახურა. შესანიშნავი მოგებული სეტი ქართველი ჩოგბურთელის მოტივაციის ასამაღლებლად საკმარისი არ გამოდგა. ნიკოლოზმა მეოთხე სეტში საკუთარი ჩაწოდება მალევე დათმო და მოპოვებული უპირატესობა გამოცდილმა ბრიტანელმა სათავისოდ გამოიყენა.  საბოლოოდ შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა (4:6, 3:6, 7:5, 3:6).

„კარგია, რომ მე-4 სეტში გამარჯვება მოვახერხე. მე-3 სეტის მერე გასახდელში დამარცხებული წასვლა დიდი დარტყმა იყო. ძალიან განაწყენებული ვიყავი და იმაზე ვფიქრობდი, ის თამაში როგორ დამებრუნებინა, რომელიც თავიდან მქონდა. კიდევ კარგი, ეს შევძელი“, - ასე გამოუხმაურა ენდი მარი ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამარჯვებას.

Николоз Басилашвили
© AP Photo / Trevor Collens
ნიკოლოზ ბასილაშვილი

განსხვავებით ნიკოლოზისგან, უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში კარგად ასპარეზობს 30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც წყვილთა მსოფლიოს რეიტინგში 74-ე პოზიციაზეა. მან მეწყვილესთან ერთად უიმბლდონის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლა მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ კალაშნიკოვა ბრიტანულ კორტებზე რუს ვარვარა გრაჩოვასთან ერთად გამოდის და მათ პირველ წრეში „უაილდ ქარდით” მიწვეული მასპინძლები ბეინსი და მარეი შარანი 6:3, 6:4 დაამარცხეს, შემდეგ კი ყაზახ ზარინა დიასსა და ავსტრალიელ არინა როდიონოვას ანგარიშით 6:3, 6:1 აჯობეს.

ქართველმა მორაგბეებმა მსოფლიოს ჩემპიონებთან კარგად დაიწყეს, თუმცა მეორე ტაიმი გარდამტეხი აღმოჩნდა

ქართველი მორაგბეები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდნენ და შეხვედრის პირველ ტაიმში ფავორიტ მეტოქეს საგრძნობი წინააღმდეგობაც გაუწიეს.

„ბორჯღალოსნები“ პირველი ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ. თედო აბჟანდაძემ პირველ ნახევარში სამი ჯარიმის გატანა მოახერხა. მასპინძლებმა კი საპასუხოდ ლელო და ორი გარდასახვა მიითვალეს. ტაიმის მიწურულს მოედნიდან ბექა საღინაძე გააძევეს, 14 კაცით დარჩენილმა „ბორჯღალოსნებმა“ კი მეტოქის წინააღმდეგობას ვეღარ გაუძლეს და ორი ლელო გაუშვეს - თავი ბონგი მბონამბიმ და კობუს რაინახმა გამოიჩინეს - 19:9.

მეორე ნახევარი სრულად სამხრეთაფრიკელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. მეტოქე გუნდმა კვაგა სმიტის ლელოთი უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა, რის შემდეგაც თავი ჰერშელ იანკისმა და მალკოლმ მარქსმაც გამოიჩინეს და საბოლოო ანგარიში 40:9 მსოფლიო ჩემპიონთა სასარგებლოდ დაფიქსირდა.

მნიშნელოვანია, რომ ქართველები მსოფლიოს ჩემპიონებს კიდევ ერთხელ 9 ივლისს შეხვდებიან.

სიახლეა 29 წლის ქართველი მორაგბე ზურა ჟვანია კარიერაში. ჟვანია ფრანგულ „გრენობლში“ ითამაშებს, მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე დააკავშირებს.

ქართველი მორაგბე ბოლოს ინგლისის პრემიერშიფში „უოსპსში" თამაშობდა. გრენობლი ჟვანიასთვის მეორე ფრანგული კლუბია, ის შვიდი წლის განმავლობაში სტად ფრანსეს ღირსებას იცავდა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი და ჩელენჯ თასის გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ ზურას ეროვნულ ნაკრებში 43 მატჩი აქვს ჩატარებული.

თემები:
სპორტის ამბები (1177)

მთავარი თემები