09:51 03 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9976
  • 100 RUB4.4557
  • USD3.3252
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
465 0 0

პანდემიის გამო არა მხოლოდ სარესტორნო ბიზნესს და ტურიზმს, სხვა სფეროებსაც გვარიანად გაუჭირდათ, მათგან ერთ-ერთი ავტოიმპორტია.

როცა შემოსავლები იკლებს, ბუნებრივია, ადამიანები უკვე ავტომობილის შეძენაზე მეტად იმაზე ფიქრობენ, როგორ ირჩინონ თავი და შეიძინონ პირველადი მოხმარების საგნები.

პანდემიის გამო, ეკონომიკის სხვა სექტორების მსგავსად, სერიოზული პრობლემების წინაშე დგას საავტომობილო ბიზნესიც, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში საკმაოდ განვითარებული იყო. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი საგადასახადო პირობების გამო დილერები ამერიკის, ევროპის თუ იაპონიის ბაზრებზე იძენდნენ მეორად ავტომობილებს, ჩამოჰყავდათ და საქართველო მთელი რეგიონის მასშტაბით ავტობაზრობის ცენტრი გახდა. რუსთავის ავტობაზრობაზე ხშირად ნახავდით არა მხოლოდ აზერბაიჯანელ და სომეხ, მაგალითად, უკრაინელ ან ყაზახ მყიდველებს. საქართველო ამ მხრივ რეგიონში აშკარა ლიდერი გახდა.

პანდემიის გამო ავტომობილების გაყიდვის პრობლემა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში დადგა, მაგალითად, 2020 წლის მარტიდან ევროკავშირში გაყიდვამ 23,7 პროცენტით იკლო, ევროპის საავტომობილო მწარმოებელთა ასოციაციის ცნობით, გასულ წელს ევროკავშირის მასშტაბით სულ 9,9 მილიონი ავტომობილი გაიყიდა. გაყიდვებმა მეტად იკლო ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს, მაგრამ ძირითადად მსოფლიო კრიზისის გამო მსყიდველუნარიანობის შემცირებამ და გადაადგილების შეზღუდვამ ავტობიზნესს საგრძნობი ზიანი მიაყენა – გაყიდვები მკვეთრად შემცირდა. მთავრობამ ამ ბიზნესის გადარჩენაზეც, როგორც შეეძლო, იზრუნა და შარშან 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების გადასახადი 2021 წლის 1 მარტამდე გადაავადა. 1 მარტის შემდეგ კი ავტომობილების მფლობელები განუბაჟებელი მანქანების გამო 1000 ლარით დაჯარიმდებიან.

1 მარტი სულ ორიოდე კვირაში მოვა, მაგრამ ავტობიზნესს გამოცოცხლება მაინცდამაინც არ ეტყობა. გასულ კვირას რუსთავში ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოიმპორტიორებმა აქცია გამართეს. ისინი ავტომობილების განბაჟების გადასახადის წლის ბოლომდე გადავადებას ითხოვენ.

გადაცემაში „საქმის კურსი“ ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განაცხადა, რომ რადგან 1 მარტიდან მათ მიერ შემოყვანილი განუბაჟებელი ავტომობილები უკვე 1000-ლარიან ჯარიმებს დაექვემდებარება, მათ ოფიციალური წერილით მიმართეს შემოსავლების სამსახურს გადავადების თხოვნით.

„მივმართეთ წერილობით, რომ ეს 1000-ლარიანი ჯარიმები ან არ გამოეწერათ, ან, თუ არ ჩამოწერენ, მაშინ წლის ბოლომდე მოგვცენ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ავტომობილები ამოვყიდოთ. თუმცა, მათგან პასუხი უფრო მუქარის შემცველია“, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტოიმპორტიორები ასევე ითხოვენ, რომ მთავრობამ მათ მუშაობის უფლება სწორედ შაბათ-კვირას მისცეს, რადგან სხვა დღეებში ვინც მუშაობს, სამუშაოს გამო არ სცალია, ხოლო ვინც არ მუშაობს, ფულიც არ აქვს.

ავტოიმპორტიორები ამბობენ, რომ თუ ეს ბიზნესი ვერ გადარჩება, სახელმწიფო უბრალოდ დაკარგავს 700-დან 800 მილიონ ლარამდე თანხას, რაც საქართველოს ბიუჯეტში ყოველწლიურად შედიოდა.

ამას გარდა, მათი აზრით, ისიც არაკონკურენტულ გარემოს ქმნის, რომ ახალი შემოყვანილი მანქანები ამ შეღავათებით არ სარგებლობენ, 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილები კი განბაჟების ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.

რაც შეეხება მთავრობას, ის ჯერჯერობით ფიქრობს, რადგან, ერთი მხრივ, ავტოიმპორტიორების გასაჭირი გასაგებია, მაგრამ ბიუჯეტიც – შესავსები, შესაბამისად, ამ კუთხით ოქროს შუალედი უნდა მოძებნოს. უახლოეს დღეებში საქართველოს ახალი მთავრობა ეყოლება და, იმედია, ეს საკითხი როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყდება, ანუ ოქროს შუალედი მართლაც გამოინახება.

 

მთავარი თემები