10:08 27 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0322
  • 100 RUB4.4633
  • USD3.3255
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (13)
50 0 0

მმართველ პარტიაში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მათთვის მიუღებელია ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად.

ამის პარალელურად ღიად რჩება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი.

ვოლსკი: ოპონენტებისგან მოლაპარაკებების შეთავაზება ერთგვარი ულტიმატუმია>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა პოლიციას სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობა არ მისცეს. საპასუხოდ შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციონერს ძალის გამოყენებით დააკავებდა. თუმცა ეს გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლამ შეცვალა, რის გამოც „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ახლა ოპოზიცია ხელისუფლებისგან მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას ითხოვს.

„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ. ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით“, – ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

მოლაპარაკებისთვის დანარჩენი ოპოზიციური პარტიებიც მზად არიან.

„მთელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“, მზადაა მოლაპარაკებისთვის და შეთანხმებისთვის“, – განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ დიალოგის მსვლელობისას საუბარი მხოლოდ არჩევნების თემაზე იქნება.

„ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ დიალოგი „ქართულ ოცნებასთან“ და ეს დიალოგი უნდა დასრულდეს ქვეყანაში გადატვირთვის დაწყებითა და არჩევნების ჩატარებით“, – აღნიშნა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიცია პირდაპირ აცხადებს, რომ მათი ერთადერთი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაა.

„ჩვენი ამოცანა არ არის ამ ქვეყანაში არეულობა და დაძაბულობა. მზად ვართ, დღესვე დავსხდეთ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელჩების მონაწილეობით, დღესვე დავიწყოთ საუბარი იმ კრიზისიდან გამოსვლაზე, რომელშიც „ქართული ოცნების“ რადიკალებმა შეგვიყვანეს“, – განაცხადა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებიც პირდაპირ ეუბნებიან, რომ კრიზისის მოგვარების საუკეთესო გზა – მოლაპარაკებებია.

ხელისუფლებას საკუთარი დღის წესრიგი აქვს

მმართველ პარტიაში ოპოზიციასთან მოლაპარაკების საკითხს ამ ეტაპზე არ განიხილავენ.

„ქართული ოცნება“ ემზადება, ნდობა გამოუცხადოს ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრს – ირაკლი ღარიბაშვილსა და მის მთავრობას.

რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას – რიგგარეშე არჩევნებს, მმართველ პარტიაში არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მსგავსი წინადადება მათთვის მიუღებელია, ისევე, როგორც მიუღებელია „ნაცმოძრაობის“ ოფისის შტურმის შესახებ საუბრები.

„უზნეობაა შტურმზე ლაპარაკი ისე, თითქოს ფრთაშესხმულ ანგელოზებთან გვაქვს საქმე, რომლებსაც არც შტურმი ჩაუტარებიათ და არც ადამიანის სიცოცხლე გაუთელიათ ფეხქვეშ“, – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მოწოდებებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე შტურმი არ დაუშვას.

პარლამენტმა უკვე მიიღო დადგენილება არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, რომლის მუშაობაზეც, „ქართული ოცნების“ აზრით, არის დამოკიდებული – ჩატარდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები.

ღარიბაშვილის გაპრემიერებას მმართველ გუნდთან ერთად მხარს „ევროპელი სოციალისტებიც" დაუჭერენ>>

პარალელურად დაიწყო საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობა. თუმცა დიალოგი ქვეყანაში საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მიმდინარეობს მხოლოდ პარტია „მოქალაქეებთან“, საპარლამენტო არჩევნების ერთადერთ მონაწილესთან, რომელიც პარლამენტში შევიდა.

დანარჩენმა პარტიებმა 2020 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურად აღიარებასა და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

თემები:
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (13)

მთავარი თემები