მეორედ მოსვლის ამბავი... ანუ რისი ეშინია ოპოზიციას?

© Sputnik / STRINGERგაერთიანებული ოპოზიცია
გაერთიანებული ოპოზიცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრი გადადგა. დაპირება სხვაგვარი იყო. მიდის თუ მოდის გიორგი გახარია, რჩება თუ არა ის პოლიტიკაში და თანაც მმართველი გუნდის წევრად? მემკვიდრე ცნობილია – ირაკლი ღარიბაშვილი. რატომ – საკადრო რესურსის დეფიციტი თუ კონკრეტული გზავნილი ოპოზიციას?

სამსონ ხონელი

მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფითა და თანაც მოულოდნელი სცენარით განვითარდა. მართალია, ახალი წლიდან მოყოლებული პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზე ხმები აქტიურად ვრცელდებოდა, მაგრამ თავად გიორგი გახარია კატეგორიულად უარყოფდა, მეტიც, ამბობდა, კი არ მივდივარ, მოვდივარო. „მოსვლა“ უცნაური გამოდგა...

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის მეხუთე პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. ამ დროს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა თავისი ფიქრებით სულ სხვაგან იყო და მისთვის ჩვეული, გამორჩეული ცნობისმოყვარეობით ელოდა პასუხს კითხვაზე − როგორ და რის ფასად მოახერხებდა პოლიცია გაერთიანებული ოპოზიციის ციტადელის − „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ოფისის „შტურმით აღებას“ და იქ „გამაგრებული“ ნიკანორ მელიას დაპატიმრებას. არადა, როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, თანამდებობიდან ის სწორედ ნიკანორ მელიას მიმართ მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულების საკითხზე გუნდთან შეუთანხმებლობის გამო წავიდა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გახარია: ჩემი თანამდებობიდან გადადგომით იმედია შევამცირებ პოლარიზაციას
„დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაციაა, თვითონ ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოებისა და მომავლის რისკებს ქმნის, როდესაც ყველანი ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს ვებრძვით და, რაც მთავარია, ჩვენ ყველანი პოლარიზაციას ვებრძვით, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა ყველა სახის რისკები გადაზღვეული იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, აღსრულება მიუღებელია, როდესაც ის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ან პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის. გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზი რომ ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის აღსრულების საკითხზე მისი განსხვავებული პოზიცია იყო, ამას მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ადასტურებენ.  

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ბურჯანაძე: გახარიამ „ქართული ოცნება“ კატასტროფისგან იხსნა

ერთი სიტყვით, გიორგი გახარია წავიდა და, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, გავიხსენოთ რამდენიმე ეპიზოდი ახლა უკვე მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის პოლიტიკური კარიერიდან. გიორგი გახარია პოლიტიკაში კერძო სექტორიდან მოვიდა. 2013 წლის მარტში ის ბიზნეს-ომბუდსმენად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბრიდან ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის პოსტი ეკავა. ამ პერიოდს უკავშირდება მოგების გადასახადის რეფორმა, რომლის შედეგად რეინვესტირებული მოგება 15 პროცენტით აღარ იბეგრება. 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რეკორდული მაჩვენებელია. იმავე წელს წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან და მომდევნო წლიდან მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება ამოქმედდა. გასული წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„საუკეთესო პრემიერი ბოლო 20 წლის განმავლობაში“: რეაგირება სოცქსელებში გახარიას წასვლაზე

გიორგი გახარია ქვეყნის პირველი პოლიციელიც იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ის 2017 წლის 13 ნოემბრიდან მოყოლებული 2019 წლის 8 სექტემბრამდე იკავებდა. ამ პერიოდს რამდენიმე გახმაურებული საქმე უკავშირდება. კერძოდ, ჯერ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ კვირაში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და შემდეგ უკვე დეკემბერში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციები. დეტალების შეხსენებით თავს არ შეგაწყენთ, დარწმუნებული ვარ, მკითხველს კარგად მოეხსენება. საკამათო არ არის, 2019 წლის 20 ივნისი განსაკუთრებული თარიღია. ე.წ. გავრილოვის ღამეს, როგორც ამას მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. დეტალიზაციის აუცილებლობას ვერც აქ ვხედავ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი ძალიან მძიმედ დაშავდა. პასუხისმგებლობა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ აიღო.

აღმოჩნდება თუ არა საქართველო ახალი პოლიტიკური კრიზისის წინაშე? - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
აღმოჩნდება თუ არა საქართველო ახალი პოლიტიკური კრიზისის წინაშე? - ვიდეო

ხელისუფლების ოპონენტები გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვდნენ, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. რამდენიმე თვეში მთავრობის თავმჯდომარე მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნდობა სწორედ გიორგი გახარიას კანდიდატურას გამოუცხადა. მთავრობას ის 17 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან ნახევარ წელიწადში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა, რასაც მალევე მთელ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მკაცრი რეგულაციების დაწესება მოჰყვა. დაიწყო გლობალური ეკონომიკურმი კრიზისი, რომელიც, ბუნებრივია, საქართველოსაც შეეხო და მთლიანი შიდა პროდუქტი 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. აქვე უნდა ითქვას, რომ გასული წლის გაზაფხულზე COVID-19-ის პანდემიასთან საქართველოს წარმატებულ ბრძოლას ქვეყნის მოსახლეობა მედიკოსების ცნობილ „სამ მუშკეტერთან“ ერთად სწორედ გიორგი გახარიას სახელს უკავშირებდა.

გიგი უგულავა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
„პირველი გამარჯვება“ – ოპოზიციის რეაქცია გახარიას გადადგომაზე

საინტერესოა, პოლიტიკურ ველზე ვინ როგორ შეაფასა პრემიერ-მინისტრის გადადგომა. უნდა ითქვას, რომ მმართველი გუნდი შედარებით სიტყვაძუნწი და მოკრძალებული იყო. გაკეთდა განცხადებები, რომ გუნდი ერთიანია, დაპირისპირება არ არსებობს, „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს ეფექტურ მართვას და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, მისთვის წითელი ხაზია და ამდენად მიუღებელია საუბარი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე, სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას ახალს არაფერს შესთავაზებს და, ბოლოს, ნიკანორ მელიასთან მიმართებაში მართლმსაჯულების განაჩენი აღსრულდება.

ოპოზიციური ფლანგი შეფასებებში ერთსულოვანი იყო. მმართველი გუნდის ოპონენტებს არ დაუმალავთ კმაყოფილება პრემიერ-მინისტრის გადადგომის გამო, მეტიც, ეს ფაქტი ლოკალურ გამარჯვებად წარმოაჩინეს. თქვეს, რომ გიორგი გახარიას ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს პოლიტიკური ესკალაციის შესუსტებას, გაჩნდა მოლაპარაკებების შესაძლებლობები და უნდა შედგეს მეხუთე რაუნდი, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხზე შეთანხმებით უნდა დასრულდეს.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

ერთი სიტყვით, მოლაპარაკებათა მთავარ საკითხზე მხარეთა პოზიციები უცვლელია და არავინ უწყის, შესაძლებელია თუ არა უახლოეს მომავალში გაიმართოს დიალოგი, რომელიც კრიზისის განმუხტვას მეტ-ნაკლებად მაინც შეუწყობს ხელს.

ცნობილია მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაც. ამ პოსტზე მმართველმა გუნდმა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა დაასახელა და, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი წინააღმდეგი არ არის, რომ „ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შევიდეს“. „ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ, დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი“, − განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ხალხის რჩეულები გადაწყვეტილებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მიიღებენ. საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია წინასწარ ცნობილია – ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერებას წინ არაფერი დაუდგება.

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ირაკლი კობახიძე: გახარიასგან ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, რაც მის პოზიციას გაამყარებდა

საინტერესოა, რას ფიქრობენ ანალიტიკურ წრეებში. მათი უმრავლესობის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წავიდა ძალიან ძლიერი და გამოცდილი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც დიდი ელექტორალური მხარდაჭერაც აქვს. ითქვა ისიც, რომ მმართველი გუნდი „ჰაერშია“, მისი უკანასკნელი ბურჯი გიორგი გახარია იყო. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის ახალ კანდიდატს, ოპოზიციურ ფლანგზე ფრთხილი განცხადებები კეთდება, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ირაკლი ღარიბაშვილის მათდამი რიტორიკა აშკარად აშინებთ. პატივცემულ მკითხველს მოეხსენება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ის პოლიტიკოსია, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ თუ მასთან აფილირებული სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებისას განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა. უნდა ითქვას, რომ ანალიტიკოსების ვარაუდით, პრემიერ-მინისტრის პერსონის გათვალისწინებით, ნაკლებად მოსალოდნელია, უახლოეს მომავალში პოლიტიკური დუღილის ტემპერატურამ და დაპირისპირების ხარისხმა დაიკლოს. რაც შეეხება მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, მათი შეფასებებით, ირაკლი ღარიბაშვილი სწორედ ის კანდიდატია, რომელიც მთავრობის გუნდთან ერთად შეძლებს გაუსწორდეს დღეს არსებულ გამოწვევებს, ეს არის პანდემია და ეკონომიკური კრიზისი. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ პოლიტიკურ კრიზისზე აქცენტი არ კეთდება...

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
სამგლოვიარო ცერემონია და გამარჯვება: თბილისში ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს

და, ბოლოს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ გადამდგარი პრემიერ-მინისტრის პერსონას. წავა თუ არა გიორგი გახარია ოპოზიციაში და სწორედ ის ხომ არ შექმნის იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც, როგორც ბიძინა ივანიშვილმა საჯარო პოლიტიკიდან წასვლისას გვითხრა, „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს? თქვენი არ ვიცი და კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ მაქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ გადასახედიდან ეს გამორიცხულია. ახლა ვფიქრობ, რატომ არიან ასე დარწმუნებული? თუ პასუხს მივაგენი, ბუნებრივია, თქვენც უსათუოდ გაგიზიარებთ...

 

ყველა ახალი ამბავი
0