08:44 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
159 0 0

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებს ვაქცინა კოვიდისგან უკვე განკურნებულებზე — ასეთი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

ტატიანა პიჩუგინა

გამალეის ცენტრის მიერ შექმნილი ვაქცინა „სპუტნიკ V“ უკვე 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო — პირველ რიგში ექიმებმა, მასწავლებლებმა და სოციალურმა მუშაკებმა. თუმცა ბევრს აღელვებს საკითხი, ღირს თუ არა, რომ ესოდენ მოკლე დროში შექმნილი პრეპარატით ისარგებლონ, ხომ არ მოახდენს ეს გავლენას ჯანმრთელობაზე და ხომ არ ჯობს, უბრალოდ გადაიტანონ დაავადება.

ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და მათზე პასუხები ასე გამოიყურება:

რისგან შედგება ვაქცინა „სპუტნიკ V“?

ადამიანის ორი ადენოვირუსის ad 26-ისა და ad 5-სგან — შეცვლილი გენომით. ჩვეულებრივი ადენოვირუსები ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორულ დაავადებებსა და ანთებებს იწვევს. იმისათვის, რომ ვაქცინა დაემზადებინათ, მიკრობს რეპლიკაციის გენი გაუთიშეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი კასტრაცია მოახდინეს. მას აქვს უჯრედში შეღწევის უნარი, მაგრამ გამრავლება აღარ შეუძლია. ახლა ეს იდეალური უსაფრთხო ვექტორია, რომელსაც ზუსტად მისამართზე შეუძლია „ამანათის“ მიტანა.

ამანათის როლში კი გამოდის გენი, რომელიც SARS-CoV-2-ის მომჭიდებელი გენის სინთეზის შესახებ ინფორმაციას ატარებს. მას უბრალოდ სვამენ „კასტრირებული“ ადენოვირუსის გენომში. ვექტორი აღწევს უჯრედში და სხვადასხვა ცილების სინთეზს იწყებს, მათ შორის, მომჭიდებლისაც. ორგანიზმი რეაგირებს მასზე და სპეციფიკური იმუნიტეტის გამომუშავებას იწყებს. უჯრედის იმუნიტეტი შლის ვექტორს და დევნის მას ორგანიზმიდან.

არის თუ არა რაიმე საშიშროება ვაქცინაციაში?

არა. სუსტ ინფექციურ ანთებებს თავისთავად ადენოვირუსებიც კი იწვევს. გარდა ამისა, მათ აქვთ რამდენიმე უპირატესობა. მაგალითად, დიდი დნმ–გენომი — ამიტომ მათი გაუვნებელყოფა მარტივია, ორიოდე გენის გათიშვით. ამავე მიზეზით ხდება ისიც, რომ ისინი ვერ რთავენ საკუთარ გენომს მასპინძელი უჯრედის დნმ–გენომში და, შესაბამისად, ვერც მუტაციას იწვევენ.

არის თუ არა ვაქცინაში კორონავირუსი?

ადენოვირუსულ ვექტორებში, რომლებისგანაც შედგება ვაქცინა, SARS-CoV-2 არ შედის. მასში მხოლოდ მისი ერთი გენია — კორონავირუსის გარსზე არსებული საცეცისა. მისი დახმარებით ვირუსი უჯრედულ მემბრანას ეჭიდება და მის შიგნით აღწევს. ადამიანის უჯრედში მოხვედრის შემდეგ მარტო ამ ცილასაც კი აქვს ორგანიზმის იმუნური რეაქციის გამოწვევი უნარი, მაგრამ დაავადების უნარი არ გააჩნია.

როგორ კეთდება აცრა და მტკივნეულია თუ არა ეს?

აცრა მკლავზე კეთდება. აცრის ადგილი შეიძლება ცოტა ხანს გტკიოდეთ. იშვიათად შეინიშნება სიწითლე და ქავილი, მაგრამ სწრაფადვე ქრება თავისით — სპეციალური მკურნალობის გარეშე.

„სპუტნიკ V“ ორ ეტაპად შეჰყავთ. თავდაპირველად ადამიანი იღებს პირველ დოზას, ხოლო 21 დღის შემდეგ — მეორეს. ეს სპეციალურად კეთდება, რათა იმ შემთხვევაში, თუ პირველი დოზა სუსტად იმოქმედებს ადამიანის ორგანიზმში არსებული ადენოვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამო, მეორემ გარანტირებულად უზრუნველყოს დაცვა. ორეტაპიანი ვაქცინაცია მსოფლიოში კარგადაა ცნობილი და ძალიან ეფექტურად მიიჩნევა.

რა გვერდით ეფექტებს იწვევს ვაქცინა?

ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამალეის ცენტრის მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვაქცინის გამოცდების პირველ და მეორე ეტაპზე ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩამოთვალეს: ტკივილი ჩხვლეტის ადგილზე, სხეულის ტემპერატურის მატება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.

ასევე შეიძლება გაჩნდეს ცხვირში გაჭედილობა და ყელის ტკივილი. ყველაფერი ეს ინდივიდუალური რეაქციებია, რომლებიც ერთიდან სამ დღეში თავისით ლაგდება.

შეიძლება თუ არა აიცრას, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა?

ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოქმედებს ვაქცინა კოვიდისგან უკვე განკურნებულებზე — ასეთი კვლევები ჯერ არ ჩატარებულა.

თერაპიისა და პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრის დირექტორის ოქსანა დრაპკინას თქმით, კოვიდისგან განკურნებულები აცრას არ ექვემდებარებიან.

საჭიროა თუ არა პირბადის ტარება აცრის შემდეგ?

აუცილებელია. იმუნიტეტის სრულად მეორე დოზის გაკეთებიდან სამი კვირის შემდეგ ყალიბდება (ანუ პირველი დოზიდან 42-ე დღეს). ამ ხნის განმავლობაში ადამიანი ბოლომდე დაცული არ არის, ამიტომ პროფილაქტიკის ყველა ზომის დაცვა აუცილებელია.  

მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც ადამიანები COVID-19-ით აცრის შემდეგ დაავადდნენ. მაგრამ გამალეის ვაქცინა არ შეიცავს COVID-19-ის აღმძვრელს. ამიტომ მას არ შეუძლია დაავადების გამოწვევა. თუ ადამიანი აცრის შემდეგ დაავადდა, ე.ი. ის უკვე იყო ავად ვაქცინაციის მომენტში, მაგრამ სიმპტომების არარსებობის გამო ამის შესახებ არ იცოდა.

გამალეის ცენტრის დირექტორის ალექსანდრ გინცბურგის თქმით, ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს ეფექტურობა 96%-ია, დაავადების ალბათობა — 4%. მეცნიერის თქმით, მათ, ვინც ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო ამ ოთხ პროცენტში მოხვდება, დაავადება ბევრად რბილ ფორმებში განუვითარდება: სურდოს, ხველების ან ტემპერატურის მცირედი მატებით. დაავადების აღმძვრელი ფილტვებამდე ვერ ჩააღწევს.  

აცრას ხომ არ ჯობს, უბრალოდ გადავიტანოთ COVID-19?

ვაქცინაციაზე გადაწყვეტილებას თითოეული ადამიანი თავად, ან მკურალ ექიმთან ერთად იღებს — გამომდინარე უკვე არსებული დაავადებებიდან და მიმდინარე მდგომარეობიდან. თუ უკუჩვენებები არ არსებობს, მაშინ ჯანმრთელობისთვის რისკები უნდა აიწონ–დაიწონოს: აცრის შემთხვევაში ეს რისკები ნაკლებია, ვიდრე COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში. ამასთან, არსებობს მონაცემები, რომ უფრო ძლიერი იმუნიტეტი სწორედ ვაქცინის შემდეგ ყალიბდება.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)

მთავარი თემები