10:12 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო და კულტურა (997)
110 0 0

უარყოფა, სიბრაზე, ვაჭრობა, დეპრესია, გათავისება – ესაა დაავადების ხუთი სტადია, რომლებიც ქართულმა თეატრებმა კორონავირუსის პანდემიის დროს გამოიარეს. გიამბობთ რომელ სტადიაზე იმყოფებიან ისინი ამჟამად.

კორონავირუსის მეორე ტალღამ ყველაფერი გაამწვავა – გაურკვეველი დროით დაიხურა საბავშვო ბაღები, სწავლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თეატრების გახსნის თარიღი კი ჰორიზონტზეც არ მოჩანს. „Sputnik-საქართველო“ დედაქალაქისა და რეგიონების თეატრების ხელმძღვანელებს ესაუბრა და გაარკვია, რით ემუქრება ხელოვნებას ასეთი პანდემიური კრიზისი.

„თეატრები რესტორნებზე უსაფრთხოა“

თეატრები, თუ უფრო უსაფრთხო არა, რესტორნებზე, მუზეუმებსა და სხვა იმ საჯარო ადგილებზე სახიფათო ნამდვილად არ არის, რომლებიც პანდემიის პირობებში მუშაობას განაგრძობენ, ფიქრობს თბილისის სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი დათა თავაძე.

„ავიღოთ თუნდაც ევროპის მაგალითი, რომელმაც რაღაც დროით თეატრები გახსნა, – ამბობს თავაძე. – მაგალითად, გერმანია, სადაც თეატრები აგვისტოდან მუშაობენ. ჩვენ რომ დარბაზები გაგვეხსნა, მაყურებელი დისტანციის დაცვით დაჯდებოდა, ნიღბებით, არაუმეტეს საათ-ნახევრისა. ამასთან, ადამიანები სპექტაკლის დროს არ საუბრობენ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.

შესვლისას მათ გაუზომავდნენ ტემპერატურას, შენობას დეზინფექცია ჩაუტარდებოდა ყოველი სპექტაკლის შემდეგ და მის დაწყებამდე. მაგრამ ჩვენთან თეატრები სავსე რესტორნებსა და კაფეებზე უფრო სახიფათოდაა მიჩნეული, სადაც, ყველა სიკეთესთან ერთად, ხალხი ნიღბების გარეშე ზის“.

„თეატრმა უნდა მიიღოს ვირუსთან ადაპტაციის შანსი, პანდემია ხომ ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გვეუბნებიან, რომ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. სწორედ ამის შესაძლებლობა უნდა მოგვცენ“, – დარწმუნებულია რეჟისორი.

ამასთან, პანდემიამ, დათა თავაძის აზრით, უკვე დიდი დარტყმა მიაყენა ხელოვნებას, რომლის არსიც ადამიანების შეკრება და არა დისტანცირებაა. ბუნებრივია, ყველა გეგმა, რომელიც თეატრებს, საკონცერტო დარბაზებს, კლუბებს ჰქონდათ, მარტიდან დღემდე, საუკეთესო შემთხვევაში, მკვეთრად შეიცვალა, უარეს შემთხვევაში კი სულაც გაუქმდა.

ერთადერთი ალტერნატივა, რომელსაც მთავრობა პანდემიის დროს თეატრებს სთავაზობს, ონლაინ–ჩვენებაა. „ონლაინ–სპექტაკლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ ეს სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია. რასაკვირველია, შეგვიძლია გარემოებას მოვერგოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩვენ, პრინციპში, ასეც მოვიქეცით და ვაჩვენეთ ყველა სპექტაკლი ჩვენი რეპერტუარიდან ონლაინ–ფორმატში. მაგრამ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერასდროს ჩაანაცვლებს ნამდვილ თეატრს“, – ამბობს დათა თავაძე.

ამასთან, ახალგაზრდა რეჟისორი არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას და ახლო მომავალში სამეფო უბნის თეატრის შემოქმედების თაყვანისმცემლების ახალი დადგმებით გახარებას გეგმავს. სპექტაკლების ნახვა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ–ფორმატით, ისე ღია სივრცეებში.

„ეს დიდი დანაშაულია“

რეჟისორი ქეთი დოლიძე კი თეატრების მუშაობის გადადების შესახებ ახალ ამბავს აბსოლუტურად ნორმალურად შეხვდა. „როგორც არ უნდა მტკიოდეს გული, – ამბობს რეჟისორი, – ეს მთელ მსოფლიოში ხდება. ამიტომ ჩვენ რით ვართ გამონაკლისი?“

Грузинский режиссер Кети Долидзе
© Sputnik / Alexander Imedashvili
რეჟისორი ქეთი დოლიძე

ლოდინი – ესაა ერთადერთი, რაც საქართველოს თეატრალურ მოღვაწეებს რჩებათ, ფიქრობს ქეთი დოლიძე. COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები ხომ იმატებს, ექსპერტების პროგნოზით კი პანდემია, სულ მცირე, 2021 წლის გაზაფხულამდე გასტანს.

ამასთან, თეატრალური წარმოდგენების ღია ცის ქვეშ გადატანას დოლიძე საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს.

„არა მგონია, სწორი იყოს ქუჩებში სპექტაკლების ჩვენება, რომლებიც თეატრისთვის შეიქმნა. ქუჩაში ნაჩვენები წარმოდგენა ერთია, სცენისთვის დადგმული სპექტაკლი კი - სრულებით სხვა. და, საერთოდ, რაც ნაკლები იქნება ღონისძიება, სადაც ადამიანები იყრიან თავს, მით უკეთესი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ხალხისთვის აქციებზე გასვლის მოწოდება – დიდი დანაშაულია“, – ამბობს ქეთი დოლიძე.

რაც შეეხება ონლაინ–სპექტაკლებს, რეჟისორი ამაში აზრს ვერ ხედავს, რადგან თეატრი – ეს მაყურებლისა და არტისტის ცოცხალი ურთიერთობაა.

„ონლაინ შეიძლება რომელიმე ძველი სპექტაკლის ყურება, რომელიც ორმოცი წლის წინ გადიოდა, დღეს კი მისი ნახვა მოგინდათ. მაგრამ როგორ შეიძლება სპექტაკლის ყურება YouTube-ზე? პირადად ჩემთვის პატარა მონიტორზე ნანახი – თეატრი არ არის. არც სამედიცინო ნიღბებით ჩატარებული რეპეტიციების მწამს“, – კატეგორიულად აცხადებს დოლიძე.

ამის პარალელურად ქეთი დოლიძე აღიარებს, რომ პანდემიური კრიზისი – ბოლო დეკადაში ქართული თეატრის ერთადერთი კრიზისი არ არის.

„ქართულ თეატრში უკვე თითქმის ათი წელია კრიზისია. და არავის სურს ამაზე საუბარი. რეჟისორებმა იფიქრონ, რატომ დადგა ეს კრიზისი. რატომ არ შეიძლება დღეს დადგმების გამოყოფა, რომლებმაც ფურორი მოახდინა? არის სპექტაკლები, რომლებიც ქართული თეატრის ისტორიაში შევა? თქვენ ვერ დამისახელებთ და ვერ გაიხსენებთ ასეთ სპექტაკლებს, რადგან ისინი არ არსებობს“, – წუხს ქეთი დოლიძე.

„სხვა გზა არ არის“

„ამ სიტუაციას მხოლოდ გაგებით ვეკიდები, – აღნიშნავს გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და თავისუფალი თეატრის ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი, – რადგან ვიცი: ეს ყველაფერი იმისთვის კი არ კეთდება, რომ გაგვაჩუმონ ან გაგვაჩერონ, არამედ იმისთვის, რომ პანდემიისგან დაგვიცვან“.

ვირუსთან ხუმრობას რეჟისორი არავის ურჩევს, მთავრობის შეზღუდვებში კი ხედავს ლოგიკას, COVID-19 ხომ ვერაგი დაავადებაა, რომელიც ადამიანისგან ადამიანს სხვა რესპირატორულ დაავადებებზე მარტივად და სწრაფად გადაეცემა და მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება.

„ეს სერიოზული ვირუსია, რომელთანაც სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს. ასე რომ, დავგმობდი მთავრობის გადაწყვეტილებას თეატრების გახსნის გადადების გამო, მაგრამ არ შემიძლია, რადგან მათი მოქმედება ლოგიკურია. რა თქმა უნდა, პანდემია უარყოფითად აისახა თეატრების მუშაობაზე: მსახიობები ფორმიდან ამოვარდნენ, დაზიანდა ნერვული სისტემა. აღდგენას შეიძლება დრო დასჭირდეს. ეს ყველაფერი ცუდია და მძიმეა, მაგრამ სხვა გზა არ არის“, – ფიქრობს ვარსიმაშვილი.

„რამდენ ხანს გაგრძელდება?“

ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის უარყოფა ახლა არაგონივრულია.

„მსგავსი ახლა მთელ მსოფლიოში ხდება. და ვიდრე იყო ღია სივრცეებში სპექტაკლების დადგმის შესაძლებლობა, ჩვენ ამას აქტიურად ვაკეთებდით“, – ამბობს ენუქიძე.

მართლაც, ბათუმის თეატრმა მაყურებელთან შეხვედრის ყველა გზა და საშუალება გამოიყენა. სექტემბერში დასმა ახალი დადგმაც კი მოამზადა, თუმცა მალევე აჭარა „წითელ ზონად“ გამოცხადდა, ამიტომ სპექტაკლის პრემიერა გადაიდო.

გარდა ამისა, თეატრმა, აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობის შედეგად, ტელესპექტაკლი პირდაპირი ეთერითაც გადასცა.

„სამწუხაროდ, დღეს თეატრმა თავად უნდა გამონახოს მაყურებელთან ურთიერთობის რაიმე ფორმები. ეს არავის ბრალი არ არის, უბრალოდ, დროა ასეთი, – ამბობს ენუქიძე. – სხვა საქმეა, რასაკვირველია, რომ იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც თეატრებისთვის შეიძლებოდა მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. ზოგჯერ იბადება კიდეც კითხვები: რატომ შეიძლება მუშაობდნენ მატარებლები, რესტორნები, თეატრები კი – არა? თუმცა აქაც არის ლოგიკა. მატარებლები ხომ ადამიანებს გადასაადგილებლად სჭირდებათ, თეატრი კი ამ თვალსაზრისით არც ისე საჭიროა. საკითხავი სხვა რამაა – რამდენ ხანს გაგრძელდება ეს აკრძალვები? რამდენ ხანს გასტანს პანდემია?“.

ჯერ კი თეატრების მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელოა, ფიქრობს ენუქიძე. კორონავირუსული კრიზისი ხომ არავის ინდობს. მაგრამ ამ დროსაც კი თეატრმა შეძლო დახმარებოდა სახელმწიფოს COVID-19-თან ბრძოლაში.

„ჩვენ სრულებით გამჭვირვალედ, საჯაროდ დავაბრუნეთ სახელმწიფოსგან მიღებული თანხის ნაწილი კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში. ანუ წლიური ბიუჯეტიდან სახელმწიფოს დავუბრუნეთ ის თანხა, რომელიც გამოყოფილი გვქონდა დასის გასტროლებისთვის და შევამცირეთ სპექტაკლების რაოდენობა, რომლებზეც ვმუშაობდით. ცხრა სპექტაკლის ნაცვლად ხუთზე ვმუშაობდით“, – აღნიშნა ენუქიძემ.

დღეს ბათუმის თეატრში რეპეტიციებიც კი არ ტარდება – არ შეიძლება, რადგან აჭარა დღემდე კოვიდ-ინფექციის „ცხელ წერტილად“ რჩება. ამიტომ თეატრი ყოველდღიურად ელოდება ეპიდვითარების გამოსწორებას და შესაძლებლობას, ბოლოს და ბოლოს, დაუბრუნდეს მუშაობას და მაყურებელს.

თემები:
საქართველო და კულტურა (997)

მთავარი თემები