მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს – თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია

გამოწერა
პანდემიამ სამყაროში ჩვენი არსებობის და საქმიანობის ჩვეული ფორმები რამდენადმე შეცვალა. ხელოვანმა ადამიანებმა მაყურებელთან ურთიერთობის ახალი გზების ძიება დაიწყეს.

ამ კავშირის შენარჩუნების საკმაოდ ორიგინალურ ფორმას მიაგნო ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ლაშა ჩხვიმიანმა. მან გადაწყვიტა, რომ თავის ერთგულ მაყურებელს თეატრში დადგმული სპექტაკლების კომიქსური ვარიანტი შესთავაზოს.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiლაშა ჩხვიმიანი
მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს – თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია - Sputnik საქართველო
ლაშა ჩხვიმიანი

- ბატონო ლაშა, როგორ გადაინაცვლა თქვენმა თეატრმა კომიქსებში?

- თეატრს ხუთი სარეპერტუარო სპექტაკლი გვაქვს და ხუთივე ვაქციეთ კომპიქსად. დავამზადეთ საერთო აფიშაც, რომელზეც სპექტაკლები მნიშვნელოვან თარიღებს თემატურად დავამთხვიეთ. კომიქსებში მთავარ როლს „თამაშობს“ მუსიკა ამავე სპექტაკლებიდან, რაც ემოციურ ფონს გამოხატავს. ეს კომიქსები სპექტაკლის ფოტოების მიხედვითაა ანიმაციად გადაკეთებული.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiლაშა ჩხვიმიანის კომიქსური პერსონაჟი
მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს – თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია - Sputnik საქართველო
ლაშა ჩხვიმიანის კომიქსური პერსონაჟი

- სპექტაკლებიდან რა შევიდა კომიქსებში?

- კომიქსებში სპექტაკლებიდან გამოყენებულია მთავარი ფრაზები. ზოგი სპექტაკლი ორსაათნახევრიანია, მაგრამ ამდენი ხანი კომიქსის ყურება დამღლელი იქნება, ამიტომ მათში მხოლოდ მნიშვნელოვანი ფრაზები და რეპლიკები გამოვიყენეთ. აგრეთვე ისეთი ფოტოები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავს სპექტაკლების ემოციურ მდგომარეობას.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiსცენაზე
მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს – თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია - Sputnik საქართველო
სცენაზე

- ამ კომიქსების შექმნის მთავარი არსი მაინც ისაა, რომ მაყურებელმა არ გაწყვიტოს თეატრთან კავშირი?

- დიახ, ამის მიზანი ძირითადად ისაა, რომ მაყურებელს ჩვენი სპექტაკლები არ დაავიწყდეს. ვისაც ისინი ნანახი არ აქვს, მათთვის სარეკლამო რგოლივით იქნება, რათა ამ კომიქსის მერე, როცა თეატრი გაიხსნება, სპექტაკლის ნახვის ინტერესი გაუჩნდეს.

- მსგავსი ფორმით ამ კავშირის შენარჩუნებაზე თქვენ გარდა ვინმეს უფიქრია?

- არ ვიცი, მე ნამდვილად არ მსმენია, რომ ვინმეს სპექტაკლები გაეკომიქსებინოს. აქვე გაცნობებთ, რომ კომიქსის ჩვენება 26 ივლისს გვაქვს ჩანიშნული.

- თავად მსახიობები როგორ აღიქვამენ საკუთარ კომიქსურ პერსონაჟებს?

- ისინი ძალიან ხალისობენ და ყველაზე მეტად ეს კომიქსები, მგონი, მათ მოსწონთ, რადგან მოუთმენლად ელოდებიან.

- მხატვარზეც მითხარით, თუ შეიძლება, ვინ შექმნა ეს კომიქსები?

- კომიქსების ხელოვნება თეატრთან არანაირ კავშირში არ არის. ამის ნიჭი ჩემს ძმას აღმოაჩნდა, თან კარანტინის გამო მასაც სახლიდან უწევდა მუშაობა. მოკლედ, მე და ჩემი ძმა ერთად ვმუშაობდით კომიქსებზე. მას მერე, რაც თეატრები ჩაიკეტა, მაყურებელთან ურთიერთობის ერთადერთი ალტერნატივა ონლაინ–სივრცე დარჩა. ზოგი ამბობს, რომ სპექტაკლი მაყურებელთან ცოცხალი ურთიერთობის გარეშე არ შედგებაო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თეატრმა არ უნდა მიატოვოს მაყურებელი და საამისოდ ყველა მოსახერხებელი გზა უნდა გამოიყენოს.  

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiთეატრალური სტუდიის მსახიობები
მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს – თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია - Sputnik საქართველო
თეატრალური სტუდიის მსახიობები

- ამის მაგალითად ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროს არსებული შემოქმედებითი ბრიგადები გამოდგება...

- დიახ, ომის დროს თეატრის საჭიროება თითქოს არ არსებოდა, მაგრამ მაშინაც აუცილებელი გახდა რაღაცის მოფიქრება. ამიტომ მსახიობებისა და მომღერლებისგან შექმნილი იყო ბრიგადები. ისინი პირდაპირ ფრონტის წინა ხაზზე ჩადიოდნენ და ამხნევებდნენ ჯარისკაცებს. მერე რა, რომ პანდემიაა და თითქოს ერთ სივრცეში ჩავიკეტეთ, ეს იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ სახლში დავსხდეთ და უსაქმურობაში ავიღოთ ფული, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ჰოდა, ჩვენ მაყურებელთან პირისპირ დარჩენის ასეთი გზა გამოვნახეთ.

© photo: courtesy of Lasha Chkhvimianiდმანისის თეატრი
მაყურებელთან კავშირი რომ არ გაწყდეს – თეატრი, რომელმაც სპექტაკლები კომიქსებად აქცია - Sputnik საქართველო
დმანისის თეატრი

- სეზონის დახურვა როდის იქნება და რას აპირებთ?

- სეზონის დახურვა ღია სივრცეში გადავწყვიტეთ. ეს იქნება სპექტაკლი დმანისის ნაქალაქარზე, რომელიც ერთ-ერთმა გამორჩეულმა რეჟისორმა, ქალბატონმა თამარ ხიზანიშვილმა დადგა. ესაა სპექტაკლი „სიბრძნე სიცრუისა“. რადგან სულხან-საბა ჩვენი რეგიონიდან იყო, ნაქალარი კი მას ახალგაზრდობაში მემკვიდრეობით ერგო, აქედან გამომდინარე, სპექტაკლს „სიბრძნე-სიცრუისა“ ღია ცის ქვეშ, ნაქალაქარზე ვითამაშებთ. ეს ივლისის ბოლოს იქნება. 6 ივლისის მერე შეზღუდვები იხსენება და სპექტაკლების ცოცხლად გამართვას საჭირო რეგულაციების დაცვით შევძლებთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0