11:27 03 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9996
  • 100 RUB4.3845
  • USD3.3189
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
რუსეთი დღეს (680)
106 0 0

ასობით მეტრიანი კლდოვანი გრუნტი, პირდაპირი ბირთვული დარტყმის გაძლების უნარი და რაკეტებით შეიარაღებული ატომური სუბმარინები — ეს ნატოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია.

ნიკოლაი პროტოპოპოვი

აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალები მიწისქვეშა სამხედრო ბაზის აღდგენას აპირებენ ნორვეგიის ოლავსვერნში, რომელიც იქ ცივი ომის დროიდან დარჩა.

ქალაქი კლდეში

ოლავსვერნის ბაზაზე აქტიური სამხედრო საქმიანობა 2000-იანების დასაწყისში შეწყდა, 2009 წელს კი ობიექტი საბოლოოდ გაყინეს. მაგრამ ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს, იქ თავიანთი ატომური წყალქვეშა ნავები განათავსონ არქტიკაში რუსეთის გაძლიერების გამო — ასე აცხადებენ დასავლეთში.

ოლავსვერნში Seawolf-ის კლასის ყველა წყალქვეშა ნავს გადაისვრიან. აგვისტოში ერთ-ერთი მათგანი უკვე გადავიდა ნორვეგიის ტრომსში ბანგორის (ვაშინგტონის შტატი) სამხედრო–საზღვაო ბაზიდან. ამ პორტს ამერიკელები ატომური წყალქვეშა ნავების შუალედურ სადგომად იყენებენ: პროდუქტების მარაგს ივსებენ და რემონტს ატარებენ.

Seawolf-ის კლასის ატომური წყალქვეშა ნავები ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ამერიკული სუბმარინია. ის 1980-იან წლებში შეიქმნა სპეციალურად იმ რაიონებში სამოქმედოდ, რომლებსაც მოწინააღმდეგე სრულად აკონტროლებდა. „ზღვის მგელი“ მეტისმეტად ჩუმი და იდუმალი გამოდგა. ბორტზე მძლავრი ხომალდსაწინააღმდეგო იარაღით. ერთ სუბმარინზე 50 ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკი“ ან „ჰარპუნი“, ან ამდენივე ხომალდსაწინააღმდეგო ტორპედოა განთავსებული. ХХ საუკუნის ბოლოს ამერიკელები ასეთი 30 წყალქვეშა ნავის აგებას აპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს — საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ. საბოლოოს აშშ-ის სამხედრო–საზღვაო ძალებმა მხოლოდ სამი ასეთი სუბმარინი მიიღეს.

ოლავსვერნის სამხედრო–საზღვაო ბაზა 1960-იან წლებში აშენდა. ის სულ 350 კმ-ით არის დაშორებული რუსეთის საზღვრიდან და უშუალოდ ჩრდილოეთის ფლოტის წყალქვეშა ნავების პატრულირების მარშრუტის სიახლოვეს მდებარეობს. ცივი ომის წლებში ამერიკელებსა და მის მოკავშირეებს ბაზაზე წყალქვეშა ძალები ჰყავდათ განლაგებული, რომლებიც ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაზე აგებდნენ პასუხს. ნატოს სუბმარინების ეკიპაჟები მზად იყვნენ ნებისმიერ დროს გადაეკეტათ გზა ჩრდილოეთის ფლოტისთვის ნორვეგიის ზღვაში და უფრო შორსაც — ჩრდილოეთ ატლანტიკაშიც.

უზარმაზარი მიწისქვეშა კომპლექსი კლდეშია გამოკვეთილი და 300 მეტრი სისქის ქანებითაა დაცული. 25 ათას კვ.მ-ზე მეტ ფართობზე განთავსებულია საწყობები, საბრძოლო მასალების საცავები, სარემონტო ნავმისადგომები. გვირაბების პროექტირებასა და გაყვანაზე, ასევე ობიექტის თანამედროვედ აღჭურვაზე 500 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

უფრო ახლოს არქტიკასთან

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ექს-სარდლის, ადმირალ ვიაჩესლავ პოპოვის აზრით, ოლავსვერნის განახლებული ბაზა ნატოს მხრიდან კიდევ ერთ სერიოზულ საფრთხედ იქცევა რუსეთისთვის.

„Seawolf კარგადაა მორგებული ყინულქვეშ ცურვას. ამერიკელებს მათი ბაზირების ადგილის სამოქმედო ზონასთან დაახლოება აქვთ განზრახული, აპირებენ სულ უფრო ახლო მოვიდნენ რუსეთის საზღვრებთან და არქტიკასთან, სადაც დღეს რუსეთი ლიდერობს ატომური ყინულმჭრელების წყალობით. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის ფლოტს მოუწევს ოლავსვერნის გაკონტროლება — ამისთვის ყველა აუცილებელი ძალა და საშუალება არსებობს“, — თქვა ადმირალმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამერიკელები შესაძლოა სირთულეებს გადააწყდნენ, ვინაიდან იურიდიულად ბაზა ახლა კერძო პირს ეკუთვნის. 2000-იანების ბოლოს დასავლელმა ანალიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ რუსეთი მეტად აღარ წარმოდგენდა ნატოსთვის საფრთხეს, ხოლო ოლავსვერნის შენახვა ძალიან ძვირი ჯდებოდა. და ნორვეგიის მთავრობამ ბაზა აუქციონზე გაიტანა.

2011 წელს ოლავსვერნი 4,5 მლნ დოლარად შეიძინა ნორვეგიელმა ბიზნესმენმა, რომელიც კომპლექსს იჯარით აქირავებდა, მათ შორის რუსულ კომპანიებზეც. იქ პერიოდულად შედიოდნენ სამეცნიერო–კვლევითი ხომალდები „აკადემიკოსი ნემჩინოვი“ და „აკადემიკოსი შატსკი“. გარიგების შემდეგ ბევრმა ნორვეგიელმა სამხედრო ჩინოსანმა გააკრიტიკა ქვეყნის ხელმძღვანელობა. ვიცე-ადმირალმა ეინარ სკორგენმა ობიქტის გაყიდვა „წმიდა წყლის სიგიჟედ“ შეაფასა.

„ჩვენ საკუთარ თავს წავართვით უმნიშვნელოვანესი პლაცდარმი და ვაიძულეთ სუბმარინები, გაიარონ ასობით ზედმეტი მილი. ჩვენ რუსეთთან საერთო საზღვარი გვაქვს ბარენცის ზღვაში. გასაგებია, რომ ჩვენი სამხედრო–საზღვაო ფლოტი არქტიკაში საზღვაო ბაზაზე უნდა განთავსდეს“, — განაცხადა სკორგენმა.

ორმაგი სტანდარტები

ათი წლის შემდეგ ნატომ თავისი შეცდომა გააცნობიერა. ნორვეგიული ტელეარხი NRK-ს მონაცემებით, ბოლო კვირებში პენტაგონის მაღალჩინოსნები არაერთხელ ეწვივნენ ოლავსვერნს. ხოლო ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ მოიწონა შეთანხმება, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, აშშ-სა და მოკავშირე ქვეყნებს ბაზის დანიშნულებისამებრ გამოყენების საშუალებას აძლევს.

„ნორვეგიის ხელისუფლება არამეგობრულად იქცევა რუსეთის მიმართ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან ბარენცის ზღვაში სივრცის გამიჯვნის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, — ამბობს პირველი რანგის კაპიტანი მიხაილ ნენაშევი. — ჩვენ ამაზე კეთილმეზობლობისა და რეგიონში თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკიდან გამომდინარე წავედით, გვქონდა რა იმედი, რომ ნორვეგიაც შესაბამისად მოიქცეოდა. მაგრამ ვაშინგტონის „აღმასკომის“ ჩაწოდებით, ნორვეგია, პირიქით, ზრდის აგრესიის დონეს რუსეთის მიმართ ჩრდილოეთ ატლანტიკაში და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში“.

ამასთან, ექსპერტის აზრით, სამხედრო თვალსაზრისით, ოლავსვერნი აშშ-ისა და ნატოს პოზიციებს ჩრდილოეთ განედებზე სრულიად უმნიშვნელოდ გააძლიერებს, ვინაიდან ბაზის კოორდინატები და შესაძლებლობები, უკვე დიდი ხანია, არავისთვის არ წარმოადგენს საიდუმლოს. საფრთხის შემთხვევაში სწრაფად შეიძლება მისი დანაღმვა სუბმარინების, თვითმფრინავებისა თუ უპილოტო წყალქვეშა აპარატების მეშვეობით.

მიწისქვეშა ლაბირინთები

ოლავსვერნის მიწისქვეშა ბაზა უნიკალური არ არის. ცივი ომის წლებში ათობით ასეთი ობიექტი აიგო. ყველაზე მსხვილი ბუნკერი – სამხედრო–საზღვაო ბაზა მუსკიო შვედებმა გასული საუკუნის შუა წლებში გამოკვეთეს გრანიტის კლდეში, რომელიც რეალურად ცალკე კუნძულია სტოკჰოლმის არქიპელაგის სამხრეთით.

ბაზას შეუძლია გაუძლოს მასირებულ სარაკეტო შეტევას და, უფრო მეტიც, ბირთვულ დაბომბვასაც. მატერიკიდან კუნძულამდე სამკილომეტრიანი გვირაბია გაყვანილი ზღვის ფსკერქვეშ. 2000-იანებში ბაზა დააკონსერვეს, 2019 წელს კი განაცხადეს, რომ შვედეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა იქ თავისი შტაბ-ბინა გადაიტანა. ბაზაზე დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურისა და „ვიუსბიუს“ ტიპის ხუთი კორვეტის განთავსება იგეგმება.

რაც შეეხება რუსეთს, მისი ყველაზე დიდი განსაიდუმლოებული მიწისქვეშა ბაზა ყირიმშია. ტავროსის მთაზე ორი ობიექტია დამალული: მშრალი დოკი წყალქვეშა ნავების რემონტისთვის და ასევე საწყობი ატომური ქობინებისა („ბოეგოლოვკა“) და რაკეტების შესანახად.

ბირთვული ომის შემთხვევაში მიწის ქვეშ დაახლოებით სამი თვით საკმაოდ კომფორტულად შეიძლება განთავსდეს ათასი ადამიანი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაზა უკრაინის მფლობელობაში დარჩა, რომელიც, სხვა ობიექტების მსგავსად, გაიძარცვა.

ექსპერტების შეფასებით, აუცილებლობის შემთხვევაში ბაზის თავიდან აღჭურვა და მწყობრში დაბრუნება შესაძლებელი იქნება, თუმცა თანამედროვე სუბმარინებს ვერ მიიღებს — მათი ზომების გამო.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს

თემები:
რუსეთი დღეს (680)

მთავარი თემები