ნიკოლაი პროტოპოპოვი
ამ დღეებში ლიეტუვაში აშშ-ის სატანკო ბატალიონი გადაიყვანეს, რომელიც სწავლება Atlantic Resolve-ში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალები სულ უფრო ხშირად აფიქსირებს სტრატეგიული ავიაციისა და საჰაერო მზვერავების ფრენებს. რას უკავშირდება ეს ყველაფერი?
ბალტიისპირელი „მეგობრები“
რამდენიმე ათეული ტანკი Abrams, ქვეითთა საბრძოლო მანქანები Bradley, ჯავშნიანი ყველგანმავლები — პაბრადას პოლიგონზე მთელი მინი-არმია განთავსდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე კი ამერიკელებმა ლიეტუვაში ავიაციაც გადაიყვანეს — Apache-ის და Black Hawk-ის ვერტმფრენები.
ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ლიეტუვის პოლიგონზე, მოკავშირე რესპუბლიკიდან სულ რაღაც 15 კმ დაშორებით, 500 სამხედროს, 29 ტანკსა და 43 ქვეითთა საბრძოლო მანქანას მოუყარეს თავი.
ბალტიისპირული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განმარტა, რომ ამერიკელი და ლიეტუველი სამხედროები ერთობლივ სასწავლო ამოცანებს ამუშავებენ. მანევრები გეგმურია და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული არ არის.
უნდა აღინიშნოს, რომ ვილნიუსი სთხოვს ამერიკელებს, რაც შეიძლება ხშირად ჩატარდეს სწავლებები ლიეტუვის პოლიგონებზე, ხოლო ოკეანისგაღმელი მოკავშირეების კომფორტული ყოფნის უზრუნველყოფა დიდი ხანია, რაც მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანადაა ქცეული.
„ამერიკული ჯარების როტაციის პროგრამა Atlantic Resolve თეთრი სახლის წინა პატრონის დროს დაიწყო, — აღნიშნა РИА Новости-სთან საუბრისას სამხედრო ექსპერტმა არტიომ კურეევმა. — ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან ის პირდაპირ კავშირში არ არის. მაგრამ, ამასთან, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ამერიკელი სამხედროები მკაცრად იცავენ როტაციის გრაფიკს და არ აუქმებენ გეგმურ მანევრებს“.
შეგახსენებთ, ოპერაცია Atlantic Resolve („ატლანტიკური სიმტკიცე“) შეერთებულმა შტატებმა 2014 წელს ყირიმის რუსეთთან შეერთებისთანავე წამოიწყო. „რუსული აგრესიის“ საბაბით ამერიკელები ჯარებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ანთავსებენ და ეტაპობრივად ზრდიან მათ რაოდენობას.
არაჯანსაღი აქტიურობა
ექსპერტების შეფასებით, ნატომ 2014 წელს ორმაგად გააძლიერა სამხედრო აქტიურობა რუსეთის საზღვრებთან. ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ისწრაფვის დაუბრუნდეს ცივი ომის დროინდელ დაპირისპირებას: ნატო ავითარებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და განაგრძობს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას აღმოსავლეთ ევროპაში.
„ნატოს დაჯგუფება ბალტიისპირეთში ნამდვილად არ მცირდება, — ირწმუნება კურეევი, — ამ სახელმწიფოების ელიტებისთვის აშშ-თან თანამშრომლობა აუცილებელია, რათა ელექტორატს „რუსული საფრთხისგან“ დაცვა დაანახონ, რასაც შეიძლება ეკონომიკაში ჩავარდნებიც მიეწეროს, პორტების დაუტვირთაობაც და რუსულენოვანი უმცირესობის უკმაყოფილებაც“.
უფრო მეტიც, გერმანიისგან განსხვავებით, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი მზად არიან თავად გამოკვებონ სხვისი არმია — გასწიონ არსებითი ხარჯები ინფრასტრუქტურაზე და ამერიკული ჯარების განთავსებაზე.
ამერიკელი სამხედროების ევროპაში რეგულარული გადაადგილება უკვე ყოველდღიურობად იქცა. პენტაგონის ყველაზე დიდი პლაცდარმი აღმოსავლეთ ევროპაში პოლონეთშია. ახლა იქ 4,5 ათასი სამხედრო იმყიფება. მალე კიდევ ათასს გადაისვრიან.
ვაშინგტონმა და ვარშავამ ხელი მოაწერეს შეთახმებას ფართო სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, პოლონეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამეთაურო–საშტაბო სტრუქტურა გაუმჯობესდება, ჩამოყალიბდება სამხედრო მომზადების ცენტრები, შეიქმნება ხელსარელი პირობები სამხედრო და სატრანსპორტო ავიაციის, ასევე სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების განშლისთვის.
ამასთან აშშ მოხერხებულად უვლის გვერდს რუსეთი–ნატოს 1997 წლის ფუნდამენტურ აქტს, რომლის თანახმადაც ალიანსს ევალება, არ განათავსოს არსებითი ძალები აღმოსავლეთ საზღვრებთან მუდმივად.
რუსეთის „დასაშინებლად“ ევროპაში ათობით თვითმფრინავი და ვერტმფრენი გადაიყვანეს. მაგალითად, პოლონეთში გამანადგურებელი F-16-ები და სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17 Hercules-ებია ბაზირებული. ლიეტუვაში პერიოდულად გადაჰყავთ გამანადგურებლები ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცისა და ბალტიის ზღვის აკვატორიის პატრულირებისთვის. ძალის დემონსტრირებისთვის ნატოელი მოკავშირეების აეროდრომებზე პენტაგონი დროდადრო თავის მეხუთე თაობის „უჩინარ“ F-35 Lightning-სა და F-22 Raptor-ებსაც წარადგენს ხოლმე. პოლონეთში ასევე ჩამოაყალიბეს მზვერავ–მოიერიშე უპილოტო MQ-9 Reaper-ის ესკადრილიაც.
კუნთების თამაში
ევროპაში აქტიურად მოქმედებს აშშ-ის სტრატეგიული ავიაციაც. მაგალითად, აგვისტოს ბოლოს სამმა ბომბდამშენმა В-52Н ფრთოსანი რაკეტებით შეტევა დაამუშავა კალინინგრადის ოლქზე. „სტრატეგები“ ბრიტანეთის ავიაბაზა ფერფორდიდან აფრინდნენ, გადაუფრინეს ნიდერლანდებს, გერმანიას, პოლონეთს და ესტონეთის პოლიგონ ტაპას რაიონიდან რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მისამართით რაკეტების პირობითი გაშვება განახორციელეს.
სექტემბრის დასაწყისში „მფრინავი სიმაგრეები“ სერავდნენ ცას უკრაინის თავზეც. B-52-ები პირველად შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში — სამმა თვითმფრინავმა, უკრაინული გამანადგურებლების თანხლებით, ქვეყნის დასავლეთ საზღვრიდან აზოვის ზღვამდე იფრინა და უკან დაბრუნდა.
რუსეთის სამხედრო–კოსმოსური ძალების მთავარსარდალ სერგეი სუროვიკინის თქმით, მარტო ერთ კვირაში — 28 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე აშშ-ის ბომბდამშენი ავიაციის თვითმფრინავებმა ათი ინდივიდუალური და ჯგუფური ფრენა განახორციელეს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის საჰაერო სივრცეში. გარდა ამისა, ათობით „მზვერავი“ ყოველკვირეულად პატრულირებს რუსეთის საზღვრების გასწვრივ — სამხედრო–კოსმოსური ძალების გამანადგურებლებს ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე უწევთ ჰაერში აფრენა მათ ჩასაჭერად.
მაგრამ, კურეევის თქმით, ჩინეთისგან განსხვავებით, რუსეთი ბევრად მშვიდად ხვდება „თავის ტერიტორიაზე დარტყმების დამუშავებას“ და მათ მხოლოდ გეგმური სწავლებებით პასუხობს.
„პეკინი ამაზე უკიდურესად ნერვიულად რეაგირებს და ცდილობს ყველანაირად წარმოაჩინოს თავისი სამხედრო ძლიერება“, — აღნიშნავს ექსპერტი.
შეერთებული შტატები ყურადღების გარეშე არც წყლის სივრცეს ტოვებენ. მათი ხომალდები ხშირად სტუმრობენ არა მარტო შავ ზღვას. ზაფხულის ბოლოს ნორვეგიაში ატომური სუბმარინა USS Seawolf გადაისროლეს, ხოლო ამაზე ცოტა ხნით ადრე ნატოს ხომალდები ნავსაწინააღმდეგო მოქმედებებს ამუშავებდნენ ჩრდილოეთ ატლანტიკაში — ისლანდიის ნაპირებთან.
მაისში ამერიკული ფლოტი, პირველად ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში, ბარენცის ზღვაში შევიდა. სარაკეტო ესკადრონული ნაღმმზიდების „პორტერის“, „დონალდ კუკისა“ და „ფრანკლინ რუზველტის“, ასევე ბრიტანული ფრეგატი „კენტის“ ეკიპაჟები მკაცრ კლიმატურ პირობებში მოქმედებებს სწავლობდნენ.
ყოველივე ეს მოწმობს არა მარტო ალიანსის მცდელობას, გააძლიეროს სამხედრო პოტენციალი ჩრდილოეთში, არამედ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის, კერძოდ, ჩრდილოეთის ფლოტის მზარდ ძლიერებასაც. ცივი ომის დამთავრებისა და სსრკ-ის დაშლის შემდეგ აშშ რუსულ ფლოტს სერიოზულ მოწინააღმდეგედ არც კი განიხილავდა. ახლა კი მისთვის ანგარიშის გაწევა უხდებათ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს