არსებობის მანძილზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციიდან ხელისუფლებამდე და უკან საკმაოდ გრძელი გზა განვლო და ახლა კვლავ ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას.
ძალაუფლების დაკარგვის მიუხედავად, „ნაცმოძრაობა“ საქართველოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ პოლიტიკურ პარტიად რჩება, რომელმაც იცის დროული, სწორი სვლების გაკეთება.
რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>
მართალია, ახლა ის ბლოკის „ძალა ერთობაშია“ შემადგენლობაში ოთხ პარტიასთან ერთად იბრძვის გამარჯვებისთვის, მაგრამ მან ამჯერადაც დაამტკიცა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ორიგინალური ნაბიჯების გადადგმა და მოსახლეობის გაოცება.
ავიღოთ თუნდაც პარტიულ სიაში პირველ ნომრად ცნობილი და ხალხის საყვარელი მომღერლის ვახტანგ კიკაბიძის გამოჩენა, ან ხელისუფლებაში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების დაპირება.
პარტიისადმი ინტერესს აღვივებს ასევე თავად მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან, რომელიც ამომრჩევლებს თავისი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და ქვეყნის აყვავებას ჰპირდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გზა ხელისუფლებისკენ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ სარბიელზე 2002 წელს გამოჩნდა. ის მაშინ ოპოზიციაში წასულმა საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. მაშინ, 2002 წელს პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებში „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ერთად გაიმარჯვა და თავისი პირველი ტრიუმფიც მოიპოვა. სწორედ ლეიბორისტებთან შეთანხმების წყალობით გახდა სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე. აქედან დაიწყო მისი ტრიუმფალური სვლა ხელისუფლების სათავეებისკენ.
2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაფერი ეგზიტპოლებმა გადაწყვიტა, რომელმაც, ცესკოს ოფიციალური მონაცემებისგან განსხვავებით, აჩვენა, რომ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებდა, ხოლო საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პარტია მარცხდებოდა.
ქვეყანაში „ნაცმოძრაობის“, ზურაბ ჟვანიას პარტიისა და სხვა ძალების ორგანიზებით მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი 2003 წლის 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა.
2004 წელს განმეორებითი არჩევნების შედეგად ბლოკმა „ნაციონალურმა მოძრაობა - დემოკრატებმა“ საქართველოს პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. 2006 წლისთვის კი მთელი ძალაუფლება უკვე „ნაცმოძრაობის“ ხელში მოექცა.
ხელისუფლების ტვირთი: პლუსები და მინუსები
„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დასაწყისს ექსპერტთა დიდი ნაწილი აღორძინების პერიოდად მიიჩნევს. ქვეყანა დროის ამ მონაკვეთში რეფორმებმა მოიცვა: მთლიანად შეიცვალა საპოლიციო სისტემა, გაძლიერდა სავაჭრო ურთიერთობები, გაჩნდა მინიმალური სტაბილურობა, შეიცვალა განათლების სისტემა, ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებების ავტორიტეტმა იკლო, გამარტივდა დოკუმენტების გაცემის პროცედურები, შეიცვალა საგადასახადო სისტემა, თითქმის ამოიძირკვა კორუფცია.
როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები>>
თუმცა რადიკალურ რეფორმებს თან სდევდა მკაცრი ნაბიჯები, რომლებიც ხშირად სისასტიკესა და თვითნებობაში გადადიოდა. „ნაცმოძრაობა“ თანდათანობით კარგავდა მხარდამჭერებს, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით გადადიოდნენ ოპოზიციაში.
უკვე 2007 წლის ბოლოსთვის ოპოზიციამ რეალური ფორმა შეიძინა და ასობით ათასი მოქალაქე ქუჩებში გამოიყვანა. ეს პროტესტი მათთვის სავალალოდ დასრულდა: პოლიციის ძალის გამოყენებით და ოპოზიციური არხის დახურვით. თუმცა 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში კვლავ გაიმარჯვა. იმავე წელს საქართველოსთვის ყველაზე საშინელი მოვლენა მოხდა – აგვისტოს ომი, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით დასრულდა.
ამასობაში ქვეყნის შიგნით სააკაშვილის ხელისუფლების თვითნებობითა და სისასტიკით უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტი სულ უფრო და უფრო მწიფდებოდა. საპროტესტო აქციები ყოველ ჯერზე სასტიკი დარბევით მთავრდებოდა. მასობრივი უკმაყოფილების ფონზე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი პერსონა – მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2011 წელს პარტია „ქართული ოცნება“ დააფუძნა.
ათენში უცნობი პირები მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმას შეეცადნენ>>
პროტესტის ბოლო წვეთი აღმოჩნდა 2012 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე აგორებული ე.წ. ციხის სკანდალი, რამაც „ნაცმოძრაობის“ საბოლოო მარცხი განაპირობა. პარტიისთვის დაიწყო ახალი, უკვე ნაცნობი ფაზა – ოპოზიციაში.
ოპოზიციაში ცხოვრება
„ნაცმოძრაობისთვის“ ოპოზიციაში ყოფნის პირველი პერიოდი მარტივი არ ყოფილა – მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება პარტიის ცალკეული ლიდერებისადმი აგრესიით გამოიხატებოდა. მეორე ნაწილი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა (მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს), ან ციხეში ჩამჯდარიყო (როგორც ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია).
ოთხი წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობამ“, მართალია, მოახერხა ქვეყანაში მეორე ძალის პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ მოსახლეობა მაინც ვერ დაარწმუნა, რომ ის ხელისუფლებაში ყოფნას იმსახურებდა.
2016 წელს პარტია კვლავ დამარცხდა „ქართულ ოცნებასთან“, მისი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის რადიკალიზმმა კი „ნაცმოძრაობაში“ განხეთქილება გამოიწვია. მაშინ პარტიიდან თითქმის ყველა ლიდერი წავიდა. მათ დააფუძნეს თავიანთი პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში მხოლოდ ექვსი დეპუტატის ამარა დარჩა.
მაგრამ, მიუხედავად დაშლისა, დღეს პარტია ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად რჩება. მან შეინარჩუნა მხარდამჭერების უმეტესობა და ზოგიერთი დაიბრუნა კიდეც. ამასთან, პარტია პოპულარობით სარგებლობს რეგიონებშიც, რაც მას სხვა ოპოზიციურ ძალებთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს.
შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... მისცემს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას>>
პარტიისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა ციხიდან ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის ვანო მერაბიშვილის გამოსვლა, რომელიც „ნაცმოძრაობას“ შეუერთდა. მერაბიშვილი, პარტიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ნიკა მელია დღეს პარტიის წამყვან ძალას წარმოადგენენ, რასაც დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი კიდევ უფრო ამყარებს.
2020 წელს „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა არჩევნებში ოთხ შედარებით მცირე პარტიასთან ერთიანი ბლოკით მონაწილეობა. თუმცა რამდენად დიდხანს გაძლებს ახალი ალიანსი არჩევნების შემდეგ, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, რთული სათქმელია.
ახალი დაპირებები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამა ძირითადად სოციალური ხასიათისაა – პენსიების გაზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ დაპირებებს ემატება საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, ეკონომიკაში ბიუჯეტის ვალის შემცირება, ასევე მოსამართლეთა მოწვევა საზღვარგარეთიდან.
პარტიაში არ დავიწყებიათ ხელფასების მომატებაც მასწავლებლებისთვის, სამედიცინო პერსონალისა და პოლიციისთვის.
პარტიის შანსი დღეს
ყველა ქართველი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ „ნაცმოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავა. „ნაცმოძრაობის“ შანსს, პრინციპში, განამტკიცებს წინა არჩევნების სტატისტიკაც, რომელიც აჩვენებს ასევე ამ პარტიის მზარდ მხარდაჭერას.
„ნაცმოძრაობის“ ხმები არჩევნებზე 2012-დან 2018 წლამდე:
წელი | არჩევნების სახე | ხმების რაოდენობა | პროცენტული წილი |
2012 | საპარლამენტო | 867 432 | 40,34% |
2013 | საპრეზიდენტო | 354 103 | 21,72% |
2014 | ადგილობრივი თვითმმართველობის | 317 395 | 22,42% |
2016 | საპარლამენტო | 477 053 | 27,11% |
2017 | ადგილობრივი თვითმმართველობის | 256 547 | 17,08% |
2018 | საპრეზიდენტო | 601 224 | 37,74% |
პირველ ადგილს კი არც ერთი მათგანი არ განიხილავს და ფსონს უფრო გაერთიანებულ ოპოზიციაზე და არა ცალკეულ სუბიექტზე დებს.