09:45 29 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7970
  • 100 RUB4.1230
  • USD3.2345
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (43)
41810

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი, ხოლო ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მესამე, საბოლოო მოსმენით მისაღებად ემზადება.

დოკუმენტის ბოლო ვარიანტი უკვე მოიწონა წამყვანმა – ჯანდაცვის კომიტეტმა და ახლა მას საბოლოო კენჭისყრაზე გაიტანენ.

ახალი დოკუმენტი მოიცავს სერიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ეხება ისეთ ნორმებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოება, დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების აღმოფხვრა, ასევე დასაქმებულთა სასარგებლოდ ცვლილებები შევიდა შვებულების, მივლინების, სამუშაო საათების და კონტრაქტის შესახებ შესაბამის თავებში.

ნორმები მშრომელთათვის

კანონპროექტის თანახმად, საქართველოში გაფორმდება მხოლოდ წერილობითი კონტრაქტი, ხოლო ზეპირი შეთანხმების დადება შეუძლებელი გახდება – თუ საუბარია სამუშაოზე ერთ თვეზე მეტი ვადით. კონტრაქტის მოქმედების ვადა ერთი წელია, მაგრამ თუ საუბარია კონკრეტული სამუშაოების შესრულებაზე ან სეზონურ სამუშაოებზე, ვადა შეიძლება იყოს ნაკლები.

თუ კონტრაქტის ვადა აღემატება 30 თვეს, ის ითვლება უვადოდ. ასევე უვადო იქნება შეთანხმება, თუ მისი ვადა არაერთი გაგრძელების შედეგად 30 თვეს გასცდა. კონტრაქტი ორივე მხარისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს შედგენილი და რამდენიმე ენაზე შეიძლება გაფორმდეს.

კონტრაქტში ჩვეულებრივი ნორმების გარდა უნდა იყოს გაწერილი დანამატები, ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურების წესები, ანაზღაურებადი და არაანაზღაურებადი შვებულება და მისი ვადები.

გამოსაცდელი ვადისათვის გათვალისწინებული კონტრაქტი უნდა ფორმდებოდეს ექვს თვეზე ნაკლები ვადით და მხოლოდ წერილობითი ფორმით და ის უნდა იყოს ანაზღაურებადი - ანაზღაურების ოდენობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს.

სიახლე შეეხო ასევე სტაჟირებას. ამიერიდან სტაჟიორები ვერ ჩაანაცვლებენ მუშაკებს. არაანაზღაურებადი სტაჟირების ვადა 6 თვეს შეადგენს, ანაზღაურებადის - ერთ წელიწადს. უფასო სტაჟირება კონკრეტულ კომპანიაში კონკრეტულმა ადამიანმა მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაიაროს. სტაჟიორთან წერილობითი კონტრაქტი ფორმდება.

ახალი წესების თანახმად, პირი მივლინებაში შეიძლება იმყოფებოდეს არაუმეტეს 45 დღისა. რაც შეეხება სამუშაო საათებს, ის უცვლელი დარჩა - კვირაში 40 საათი ჩვეულებრივი საწარმოსთვის და 48 საათი - 8-საათიანზე უფრო ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმის საწარმოებში. თუმცა იქვე მითითებულია, რომ თითოეულმა თანამშრომელმა ცვლებს შორის უნდა დაისვენოს სულ მცირე 12 საათის განმავლობაში.

იქვე ასევე მითითებულია, რომ 6 საათზე მეტი სამუშაო დღის შემთხვევაში თანამშრომლებს ერთსაათიანი შესვენების უფლება აქვთ. ასევე დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულისთვის ორი კვირის განმავლობაში ერთხელ ზედიზედ ორი დასვენების დღე.

ცვლებში მუშაობისას დასაქმებულმა არ უნდა იმუშაოს ზედიზედ ორი ცვლა, ხოლო ერთი ცვლიდან მეორეზე გადასვლის შესახებ დამსაქმებელმა დასაქმებული 10 დღით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ზეგანაკვეთური სამუშაო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 4 საათს და დღეში 2 საათს. ამასთან ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება საათობრივი ხელფასის საათში 125%-ს უნდა შეადგენდეს, თუმცაღა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ასევე დამატებითი დასვენების დღის გამოყოფაზე (შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ნაცვლად).

ღამის ცვლა არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს დღე-ღამეში, ხოლო დასაქმებული უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას და ექიმების რეკომენდაციის შემთხვევაში ის უნდა გადაიყვანონ დღის ცვლაში.

ოფიციალურ უქმე დღეებში მუშაობა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, შესაბამისი ანაზღაურებით.

ცვლილებები შვებულების უფლებასაც შეეხო. დასაქმებულთათვის ის ისევ 24 სამუშაო დღეს შედგენს. ხოლო ორსულობის გამო შვებულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახლა კანონმდებლობაში ორი ახალი ცნება გაჩნდა - შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, რომელიც 126 სამუშაო დღეს შეადგენს და რომელსაც დასაქმებული თავისი სურვილით გაანაწილებს ორსულობის და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე.

ამას ემატება ბავშვის მოვლის გამო შვებულების 604 დღე, საიდანაც 57 დღე ანაზღაურებადია. ამ შვებულებით სარგებლობა შეუძლია როგორც ბავშვის დედას, ისე მამას, სურვილის მიხედვით, ასევე რიგ-რიგობით, თუ დედას შვებულებით ბოლომდე არ უსარგებლია. ბავშვის მოვლის გამო შვებულებაში წასვლის შესახებ დასაქმებულმა დამსაქმებელი ორი კვირით ადრე უნდა გააფრთხილოს.

ეს შვებულებები ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, თუმცა დამსაქმებელს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამატებითი თანხის გადახდა შეიძლება მოუწიოს.

დისკრიმინაციის აკრძალვა და შრომის უსაფრთხოება

ცვლილებებში გაჩნდა კატეგორიული აკრძალვა დასაქმებულთა ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციაზე. ამასთან დასაქმებულის მხრიდან საჩივრის შეტანის შემთხვევაში დამსაქმებელს თავად უწევს მტკიცება იმისა, რომ დისკრიმინაციას ადგილი არ ჰქონდა.

ასევე შრომის კოდექსში ჩნდება ჩანაწერი იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი ვალდებულია შეუქმნას დასაქმებულს უსაფრთხო შრომის პირობები და უზრუნველყოს უსაფრთხოების დარღვევის პრევენციის სისტემა.

თავად დასაქმებული უფლებამოსილია უარი თქვას ისეთ სამუშაოზე, რომელიც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ასევე დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს მკურნალობის ყველა ხარჯი მუშაობის დროს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში. მავნე და სახიფათო სამუშაოების შემთხვევაში დამსაქმებელი თავად უზრუნველყოფს თანამშრომლების სამედიცინო შემოწმებას.

შრომის კოდექსის გარდა, მისგან გამომავალი ცვლილებები კიდევ 15 კანონში შედის.

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (43)

მთავარი თემები