08:25 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (747)
78 0 0

ქვეყანაში 1 აგვისტოსთვის 2,1 მილიარდი ლარის საერთო ღირებულების უძრავი ქონების იპოთეკაზე 46,6 ათასი კრედიტი გაიცა.

თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის სექტორებისთვის მთავრობის დახმარების პროგრამა, პირველ რიგში, იპოთეკური კრედიტის პროცენტების სუბსიდირება, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილების ანალოგიურია, იუწყება ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გუშინ რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

  • რეფინანსირების განაკვეთი არის პროცენტის მოცულობა წლიური დაანგარიშებით, რომელსაც ეროვნულ ბანკს ორგანიზაციები მათთვის გაცემული კრედიტებისთვის უხდიან. განაკვეთი არის ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთებისთვის ორიენტირად მიიჩნევა.

როგორ ეხმარება ხელისუფლება იპოთეკის მიღების მსურველებს

„ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაყიდვების შემცირების პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოქალაქეებისთვის ბინების შეძენის პროცესის გამარტივება. მაისში მთავრობამ იპოთეკის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირებისთვის 70 მილიონი ლარის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, 14 მილიონი ლარი გამოიყო იპოთეკური კრედიტების პორტფელის სახელმწიფო გარანტიებისთვის.

საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და 2020 წლის ბოლომდე ბინების შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთის დასაფარად სუბსიდიებს გამოუყოფს. 4%-იანი სუბსიდია 5 წლის განმავლობაში გავრცელდება ყველა საკრედიტო შეთანხმებაზე, რომელიც 200 ათას ლარს არ აღემატება.

გარდა ამისა, კრედიტების გასასტუმრებლად ვადამდელი შენატანების მატების, ასევე საპროცენტო განაკვეთის ზრდის თავიდან ასაცილებლად მთავრობა იძლევა 20%-ის გარანტიას ყველა კრედიტზე, რომელიც 2020 წლის ბოლომდეა აღებული. გარანტია შეეხება კრედიტებს პირველი შენატანის არანაკლებ 10%-ის მოცულობით.

რა უნდა ვიცოდეთ, სანამ ბინას ვიგირავებთ... ანუ სად იმალება ეშმაკი>>

საერთაშორისო პროგნოზებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია ფიქრობს, რომ მთავრობა, ძირითადად, მოსახლეობის შედარებით შეძლებულ ფენებს ეხმარება.

„დღეს ბინას ყიდულობენ ისინი, ვისაც აქვს ფული ან მაღალი ხელფასი. რატომ უნდა დაუფარონ კრედიტის პროცენტი ბიუჯეტიდან იმათ, ვისაც უკვე შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს? აჯობებდა ამ თანხის გამოყენება სოციალური დახმარების პაკეტებში“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

თუმცა, მისი თქმით, მეორე მხრივ, მთავრობა ცდილობს წაახალისოს არა მხოლოდ მოსახლეობის შედარებით შეძლებული ფენები, არამედ დეველოპერები და საბანკო სექტორი.

„გაიზარდა არა მხოლოდ ბინების, არამედ სამშენებლო მასალების გაყიდვების მოცულობა, გარდა ამისა, შეჩერდა ფასების ვარდნა ახალაშენებულ ფართსა და მშენებარე ბინებზე, ზოგ შემთხვევაში კი გაიზარდა კიდეც“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მთლიანობაში, შენგელიას აზრით, სახელმწიფოს მიერ ნებისმიერი საქონლის გაყიდვის სუბსიდირება არ იქნება შეცდომა, პირიქით, ეს სარგებელს მოუტანს ეკონომიკასაც და მოსახლეობასაც.

„მით უმეტეს, რომ სექტემბრის ბოლოდან საბაზრო მოთხოვნილება საგრძნობლად დაიწევს, რადგან ადამიანებს სულ უფრო ნაკლები ფული ექნებათ საქონლისა და მომსახურების შესაძენად“, – აღნიშნა ექსპერტმა.

რამდენი კრედიტია გაცემული საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ მონაცემებით, 2020 წლის 1 აგვისტოსთვის საქართველოში საერთო ჯამში 6,2 მილიარდი ლარის მოცულობის 120,3 ათასი კრედიტი გაიცა. კრედიტების საერთო რაოდენობიდან მნიშვნელოვანი ნაწილის საპროცენტო განაკვეთი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1 აგვისტოსთვის ქვეყანაში გაცემულია 2,1 მილიარდი ლარის ოდენობის 46,6 ათასი იპოთეკური კრედიტი. მათი საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 10,35%-ს.

რადგან ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, შესაბამისად, არ შეიცვლება საპროცენტო განაკვეთი უკვე აღებულ კრედიტებზეც.

როგორ იცვლებოდა წელს რეფინანსირების განაკვეთი

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შერბილება ხანგრძლივი გამკაცრების პერიოდის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო. ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნით გამოწვეული ინფლაციის ზეწოლის გასანეიტრალებლად განაკვეთის აწევა რეგულატორმა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

სექტემბრიდან დეკემბრამდე რეფინანსირების განაკვეთი 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ 2020 წლის 21 მარტს კარანტინი და კომენდანტის საათი დააწესა. ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისთვის ეროვნულმა ბანკმა აპრილიდან სამ ეტაპად შეამცირა მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი 8%-მდე.

ნიკა შენგელიამ უკმაყოფილება გამოთქვა რეგულატორის ბოლო გადაწყვეტილებით – დაეტოვებინა რეფინანსირების განაკვეთი იმავე დონეზე.

„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რეგულატორი შეამცირებდა განაკვეთს, ვინაიდან მთელ მსოფლიოში – ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთშიც კი, განაკვეთი შემცირდა. უკვე დროა მონეტარული პოლიტიკა შეიცვალოს, ვგულისხმობ, რომ საჭიროა რეფინანსირების განაკვეთის ნულთან მიახლოება, რადგან ეკონომიკა რეცესიაშია და საჭიროა მისი წამოწევა“, – აღნიშნა შენგელიამ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.

ექსპერტის აზრით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნამდვილად არ იმოქმედებს პოზიტიურად ეკონომიკაზე, უბრალოდ არ ჩაძირავს მას.

როგორ იცვლებოდა ინფლაცია წლის დასაწყისიდან

ინფლაციის დონის რეგულირება საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

უფრო იაფად, ვიდრე გუშინ, ანუ შეიძინე ბინა და გადმოდი დღესვე!>>

„ბოლო თვეებში ფასების დინამიკა ეროვნული ბანკის პროგნოზებს შეესაბამება. როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია რეგულატორის განცხადებაში.

წლიურმა ინფლაციამ 2019 წელს 7% შეადგინა. მის შესაკავებლად ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა, ბოლოს – 2019 წლის დეკემბერში.

წლის დასაწყისიდან ინფლაციის დონემ კლება დაიწყო – იანვარსა და თებერვალში მან 6,4%, მარტში – 6,1% შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო მიზნობრივ 3%-იან დონეზე დაბლა ინფლაციის დონე 2021 წლის პირველ ნახევარში ჩამოვა.

„ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას, ძირითადად, სუსტი ერთობლივი, მეტწილად, საგარეო მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა შენგელია არ იზიარებს ეროვნული ბანკის პროგნოზს ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით.

პანდემია და არჩევნები საქართველოში: რა ხდება ლარის კურსთან დაკავშირებით>>

„ჩვენ ველით ინფლაციის მნიშვნელოვან ზრდას, ძირითადად, ოქტომბრის ბოლოდან, რადგან ამ პერიოდიდან კვლავ მოსალოდნელია საქონლისა და მომსახურების გაძვირება. ვინაიდან ამ დროისთვის ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მარაგი უკვე ამოწურულია, ჩვენ კვლავ დამოკიდებული ვიქნებით იმპორტირებულ საქონელზე“, – განუცხადა შენგელიამ „Sputnik-საქართველოს“.

მისი თქმით, ქვეყანას სასურსათო კალათის 80%-მდე კვების პროდუქტების შემოტანა მოუწევს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (747)

მთავარი თემები