05:46 21 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8067
  • 100 RUB4.1413
  • USD3.2222
მიმოხილვები
მოკლე ბმულის მიღება
8410

რუსეთი აამოქმედებს ბირთვულ პოტენციალს მის ტერიტორიაზე ნებისმიერი სარაკეტო შეტევის შემთხვევაში, რადგან მფრინავი საბრძოლო იარაღის შიგთავსის ამოცნობა შეუძლებელია.

ამის შესახებ საუბარია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ მომზადებულ სტატიაში - „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკა ბირთვული შეკავების სფეროში“, რომელიც ამ დღეებში გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ გამოაქვეყნა.

ამგვარ ვითარებაში რუსეთი ჩათვლის, რომ მოწინააღმდეგის მიზანი რუსეთის განადგურებაა და „პასუხი დამანგრეველი იქნება“. პასუხის ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სკიფის“ გამოყენება, რომლის რაოდენობა, განლაგება, სიმძლავრე და ფრენის ტრაექტორია მხოლოდ სპეციალისტების ვიწრო წრისთვისაა ცნობილი.

თეორიულად, მოწინააღმდეგემ საბრძოლო პატრულირების ზონაში შეიძლება მიაკვლიოს და შეუტიოს პროექტ 955-ის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა სარაკეტო კრეისერებს, პრევენციული დარტყმა მიაყენოს „იარსის“ 150 სარაკეტო კომპლექსს, გაანადგუროს აფრენის მომენტში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდების გარკვეული რაოდენობა. თუმცა ამ (წარმოუდგენელი გამართლების) შემთხვევაშიც პასუხი არ დააყოვნებს მსოფლიო ოკეანიდან. „სკიფზე“ (პრევენციული) იერიშის მიტანა ტექნიკურად შეუძლებელია.

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების უხილავ წყალქვეშა იარაღს, ზღვის ფსკერზე განთავსებულ ბალისტიკურ რაკეტა „სკიფს“, შესწევს ძალა, წლობით შეინარჩუნოს საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმი, შემდეგ კი ბრძანებისთანავე გაანადგუროს სახმელეთო და საზღვაო სამიზნეები. რაკეტა გამოირჩევა განსაკუთრებული უხილაობით საინფორმაციო სფეროში. სავარაუდოდ, „სკიფი“ არის ცნობილი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევას“ გაუმჯობესებული ვარიანტი, უფრო სრულყოფილი მახასიათებლებით და უახლესი ხელოვნური ინტელექტით. „სკიფის“ უმნიშვნელოვანესი უპირატესობებია მაღალი საბრძოლო გამძლეობა და შედარებით ნაკლები ხარჯი ექსპლუატაციისას.

საიდუმლო კონტეინერში იმალება

ფსკერის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სკიფი“ განეკუთვნება შორი მანძილის რაკეტების ოჯახს სუბმარინებისთვის და მოთავსებულია ზღვის ფსკერზე კონტეინერში, რომელიც საიმედოდ იცავს მას უზარმაზარი წნევისა და აგრესიული გარემოსგან, უზრუნველყოფს კავშირს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სამეთაურო პუნქტთან. ჰერმეტული და უჟანგავი კონტეინერის შექმნა, რომელსაც შეუძლია, მრავალი წლის განმავლობაში დაიცვას რაკეტა ზღვის მლაშე წყლისგან, პროექტის მთავარი ტექნიკური გამოწვევა იყო. სამაგიეროდ დღეს უფრო მარტივია ნემსის პოვნა თივის ზღვინში, ვიდრე „სკიფისა“ - ზღვაში.

უხილავობა და უნიკალური საბრძოლო გამძლეობა მიიღწევა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამშვები კონტეინერის განთავსებით ოკეანის ქვედა ფენებში, სადაც ვერ აღწევენ პოტენციური მოწინააღმდეგის ტორპედოები, რომლებსაც ზღვის ზედაპირზე ბირთვული შეტევის შესუსტებაც კი შეუძლიათ. სპეციალურ წყალქვეშა ნავს „სკიფი“ დანიშნულების ადგილზე მიაქვს. განთავსების წერტილის აღმოჩენა დაზვერვის არსებული და პერსპექტიული საშუალებებით შეუძლებელია. 

საბრძოლო მოქმედების შემთხვევაში კონტეინერი სიგნალს იღებს და მითითებულ სიღრმეზე ამოდის, რაკეტა კი საკუთარი პროგრამით სამიზნისკენ მიემართება. თუ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სინევას“ ფრენის სიშორე 8000 კმ-ს აღემატება, უფრო სრულყოფილი „სკიფის“ ფრენის მანძილი, დიდი ალბათობით, გაცილებით მეტი იქნება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის შიდა წყლებში საბრძოლო მორიგეობა არ არღვევს „შეთანხმებას ზღვის ფსკერის თაობაზე“ (1970 წ.), რომელიც კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას ფსკერზე, ნაპირიდან 12 მილის ზონის ფარგლებს გარეთ. მაგალითად, არქტიკულ შელფზე და წყნარი ოკეანის სანაპირო წყლებში არაერთი მოსახერხებელი ღრმაწყლოვანი ადგილია კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების განსათავსებლად, რომლებიც მაქსიმალურად ახლოსაა სამიზნეებთან სავარაუდო მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე. ეს არ არის „რუსეთის მუქარა“, არამედ დასავლეთის აგრესიული მიზნების, ჩრდილოეთის საზღვაო გზასა და რუსეთის არქტიკის, შორეული აღმოსავლეთისა და კურილიის კუნძულების ბუნებრივ სიმდიდრეებზე პრეტენზიების შემაკავებელი სერიოზული ფაქტორია.

კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სკიფის“ უპირატესობა ეკონომიკური თვალსაზრისით აშკარაა. რაკეტმზიდი ბირთვული წყალქვეშა ნავების წარმოება და ექსპლუატაცია მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. არც ეკიპაჟის მომზადება ჯდება იაფი. ფსკერზე განთავსებული რაკეტა წყალქვეშ დამატებითი ხარჯის გარეშე ძლებს ნებისმიერ სუბმარინზე დიდხანს და, ამასთან, ინარჩუნებს საწყის საბრძოლო პოტენციალს. ასეთია რუსეთის პასუხი კოლექტიური დასავლეთის მიერ გამოცხადებულ საზღვაო შეიარაღების ახალ შეჯიბრზე.

ცნობილია, რომ „სკიფი“ პირველად 2008 წელს გამოიცადა. 2017 წლიდან კი მან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაიმკვიდრა ადგილი. ახალი რაკეტა გამოცდილია დროით და ყურადღებასაც იმსახურებს.

ილუზიების მსხვერპლი

რუსეთის პრეზიდენტმა 2 ივნისს დაამტკიცა „სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ბირთვული შეკავების სფეროში“. დოკუმენტის თანახმად, პოტენციურმა მოწინააღმდეგემ უნდა იცოდეს, რომ აგრესიას გარდაუვლად მოჰყვება პასუხი. ამის მიუხედავად, რუსეთი ბირთვულ იარაღს იხილავს, როგორც მხოლოდ და მხოლოდ შემაკავებელ საშუალებას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 1970-იან წლებში უარი თქვა ფსკერზე რაკეტების განთავსებაზე და საშუალო სიშორის რაკეტების ევროპაში განთავსების კურსი აირჩია. შედეგად კი სსრკ-ის საზღვრებს 1800 კმ მანძილზე (8 წთ. მოსკოვამდე) მოუახლოვდა.

დღეს ისტორია მეორდება, ოღონდ ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. მოწინავე ბაზირების სისტემა კი (Forward Based System) გერმანიიდან პოლონეთისკენ ინაცვლებს. აშშ-ის მოქმედება სტრატეგიული შეიარაღების სფეროში მიმართულია ბირთვული საშუალებების გამოყენებით „გლობალური დარტყმის“ კონცეფციის რეალიზებისკენ.

აშშ და ნატოს აქტივისტები ცდილობენ, საბრძოლო ინსტრუმენტებით „შეაკავონ“ რუსეთის ეკონომიკური განვითარება და საერთაშორისო გავლენის ზრდა, რომელმაც საგრძნობლად გაუსწრო კოლექტიურ დასავლეთს ჰიპერბგერითი რაკეტების, ბირთვული წყალქვეშა ნავების, მეხუთე თაობის გამანადგურებლების, წყალქვეშა უპილოტო „პოსეიდონების“ და სხვა მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შემუშავებისა და წარმოების სფეროში. იქმნება პარადოქსული სიტუაცია, როდესაც სამხედრო მრჩევლები ვერ ბედავენ რჩევის მიცემას ამერიკელი ახირებული პოლიტიკოსებისთვის, რადგან ხედავენ განსხვავებას დოქტრინებსა და რეალობას შორის.

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში პენტაგონი მოკავშირეებთან ერთად ავღანეთში ძვირადღირებულ სამხედრო ოპერაციებს ატარებდა, რათა დაემარცხებინა სუსტად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“. შედეგად, აშშ-მა მოწინააღმდეგესთან დადო ამერიკული ჯარისთვის სამარცხვინო შეთანხმება და მიდის ქვეყნიდან, ტოვებს რა ბედის ანაბარა არსებულ სუსტ სახელმწიფოს - ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას. სამწუხაროდ, ვაშინგტონში სწორი დასკვნები ვერ გამოიტანეს და ენთუზიაზმით შეუდგნენ „ევროპის ხსნას“ არარსებული რუსული საფრთხისგან. მაგრამ „სკიფი“ და რუსეთის უსაფრთხოების სხვა გარანტები მუდმივ მზადყოფნაში არიან.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

მთავარი თემები